8 ივლისიდან, რუსეთის ფედერაციის მიერ, ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის შეწყვეტის თაობაზე მიღებული ცალმხრივი გადაწყვეტილების შედეგად შექმნილი ვითარების და ავიაკომპანიების წინაშე მდგარი გამოწვევების განხილვის მიზნით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში ავიაკომპანიებთან – “Georgian Airways”-თან და “Myway Airlines”-თან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

შეხვედრის ფარგლებში, სააგენტოს ხელმძღვანელმა პირებმაავიაგადამზიდველებისაგან მოისმინეს ინფორმაცია მგზავრთა უფლებების დაცვის კუთხით გატარებულ ღონიძიებებზე, კერძოდ, საუბარი შეეხო ავიაკომპანიების მხრიდან სააგენტოს მიერ დანერგილი რეგულაციით დადგენილი მოთხოვნების შესრულებას, რომლის მიხედვითაც ავიაკომპანიები ვალდებულნი არიან შესთავაზონ მგაზრებს ბილეთის ღირებულების ანაზღაურება ან ალტერნატიული მარშრუტი. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ავიაკომპანია სრულფასოვნად და დადგენილ ვადებში ახორციელებს მგზავრების მიმართ არსებულ ვალდებულებებს. სააგენტოს მხრიდან, ამ მიმართულებით მონიტორინგი მიმდინარეობს.

სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ავიაკომპანიების სამომავლო გეგმები როგორც ალტერნატიული მიმართულებების მოძიების, ისე კომერციულად მიმზიდველ ახალ მარშრუტებზე ოპერირების დაწყების კუთხით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მხრიდან გამოითქვა მზადყოფნა, ხელი შეუწყოს ქართულ ავიაგადამზიდველებს შესაბამისი ქვეყნების საავიაციო ხელისუფლებებთან შუამდგომლობის გაწევის და უფლებამოსილების ფარგლებში, პროცედურული საკითხებში დახმარების აღმოჩენის კუთხით.