საქართველოს საავიაციო ხელისუფლებამ არსებულ აქტიურ NOTAM-ში კორექტირება შეიტანა და თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებში რამდენიმე მიმართულებაზე რეგულარული ფრენების განახლებას მწვანე შუქი აუნთო. აქტიური NOTAM-ის მიხედვით, საქართველო რეგულარული ფრენებისთვის ნაწილობრივ დახურული 1-ელ დეკემბრამდე რჩება.
უკფრო კონკრეტულად კი, საერთაშორისო რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებაზე დაწესებული შეზღუდვა გახანგრძლივდა და მოქმედებს 2020 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით (30.11.20). შეზღუდვა არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
მიუნხენი (ICAO-ს კოდი EDDM);
პარიზი (ICAO-ს კოდი LFPG);
რიგა (ICAO-ს კოდი EVRA).
შეზღუდვა ასევე არ ვრცელდება იმ პირდაპირ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც სრულდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და რიგის საერთაშორისო აეროპორტს (ICAO-ს კოდი EVRA) შორის.
2020 წლის 1-ლი ნოემბრიდან, შეზღუდვა მოიხსნება იმ პირდაპირ რეგულარულ საერთაშორისო რეისებზე, რომლებიც შესრულდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGTB) და შემდეგ აეროპორტებს შორის:
დოჰა (ICAO-ს კოდი OTHH);
ვარშავა (ICAO-ს კოდი EPWA);
ათენი (ICAO-ს კოდი LGAV).
ამსტერდამი (ICAO-ს კოდი EHAM);
ვენა (ICAO-ს კოდი LOWW);
ბერლინი (ICAO-ს კოდი EDDB);
მილანი (ICAO-ს კოდი LIME);
შეზღუდვა ასევე იხსნება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა (ICAO-ს კოდი UGKO) და შემდეგ აეროპორტებს შორის დაგეგმილ რეგულარულ რეისებზე:
კატოვიცე (ICAO-ს კოდი EPKT);
ვილნიუსი (ICAO-ს კოდი EYVI);
დორტმუნდი (ICAO-ს კოდი EDLW).
“სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან. მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით”, აცხადებდნენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.
აღსანიშნავია, რომ NOTAM-ი (Notice to Airmen) არის საერთაშორისო საავიაციო არხების საშუალებით გავრცელებული შეტყობინება ოპერირების, მომსახურების, წესების, საფრთხის, ასევე სანავიგაციო საშუალებების მდგომარეობის, ცვლილებებისა და მწყობრში შეყვანის შესახებ, რომლის დროული ცოდნა მნიშვნელოვანია ფრენების განხორციელებასთან დაკავშირებული პერსონალისთვის.