მიწოდების ჯაჭვის პრობლემები საავიაციო ინდუსტრიაში უახლოეს პერიოდში გაგრძელდება, რაც ავიაკომპანიებს გამოწვევას უქმნის ფრენებზე მოთხოვნის გაზრდის ფონზე კოვიდსაწინააღმდეგო შეზღუდვების მოხსნის შემდეგ. ამის შესახებ ავსტრალიის უმსხვილესი გადამზიდავი Qantas Airways Ltd.-ის აღმასრულებელი დირექტორი ალან ჯოისი აცხადებს.
მისი თქმით, მიწოდების ჯაჭვების ნორმალიზებას კიდევ 18 თვე დასჭირდება.
„ეს არის რეალური პრობლემა მთელი ინდუსტრიისთვის. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი სირთულეები სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებით”, – განაცხადა მან.
კოვიდ-პანდემიის გამო მომარაგების ჯაჭვის შეფერხება ართულებს თვითმფრინავის კომპონენტების შეცვლას, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ფრენების შეფერხებას, გაუქმებას და ლაინერების ექსპლუატაციიდან მოხსნას იწვევს.
მაგალითად, Qantas-ის ბიუჯეტურ შვილობილ კომპანია Jetstar-ს რაღაც მომენტში მოუხდა ფრენების შეწყვეტა 11 ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავიდან ექვსზე, რამაც გამოიწვია ფრენების დაგეგმვის პრობლემები. პრობლემებს შორის ჯოისმა დაასახელა ნაწილების გამოცვლის გახანგრძლივებული დრო და კონკრეტული ნაწილების მოძიება.
Qantas-მა ოქტომბრის დასაწყისში განაცხადა, რომ მან გამოყო 200 მილიონი ავსტრალიური დოლარი (127,6 მილიონი აშშ დოლარი) ოპერაციების აღდგენისა და მიწოდების ჯაჭვის პრობლემების გადასაჭრელად.

2022 წლის დასაწყისიდან Qantas-ის კაპიტალიზაცია 16,4%-ით გაიზარდა.