სააგენტოს ხელმძღვანელმა გივი დავითაშვილმა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) რეგიონალურ წარმომადგენელს ალექს ონაცკის უმასპინძლა.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საავიაციო ბაზარზე არსებული სიახლეები, საჰაერო მიმოსვლის და ტვირთბრუნვის ზრდის ტენდენციები და დარგის რეგულირების კუთხით სააგენტოს მიერ განხორციელებული და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილეს. საუბარი შეეხო ქართულ ავიაკომპანიებს და იმ დადებით დინამიკას, რაც შეიმჩნევა მათი საოპერაციო და კომერციული შესაძლებლობების განვითარების თვალსაზრისით. პოზიტიურად შეფასდა მიმდინარე წლის აგვისტოში Geosky Airlines-ის სამგზავრო მიმართულების – Georgian Wings-ის გაწევრიანება საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციაში, რომელიც მეორე მოქმედი ქართული ავიაკომპანიაა, Georgian Airways-ის შემდეგ, რომელიც გახდა IATA-ს წევრი. შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის ეგიდით საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი კვლევების მნიშვნელობას ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. სააგენტოს დირექტორმა გამოთქვა მზადყოფნა, მომავალშიც გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა IATA-სთან, აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით, უწყების კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებში ტექნიკური და ინფორმაციული მხარდაჭერის უზრუნველყოფის კუთხით.