თბილისი (GBC) – სამოქალაქო ავიაციის სააგენტო უსაფრთხოების მითითებაზე მოტოდელტაპლანების ოპერატორების პროტესტს ეხმაურება.
„სამოქალაქო ავიაციის სააგენტო სააგენტოს მიერ, მოტოდელტაპლანების ოპერატორების საყურადღებოდ 10 ივლისს გაკეთებულ უსაფრთხოების მითითებას ზოგიერთი ოპერატორის მხრიდან გაღიზიანება მოყვა.
ერთ-ერთმა მათგანმა, სამწუხაროდ, პროტესტის მძიმე ფორმას მიმართა, რამაც შესაძლოა, საზოგადოების გარკვეულ წრეებში მოტოდელტაპლანების უკონტროლო გადაადგილების მიმართ მცდარი შეხედულება წარმოშვას.
სააგენტოს მითითების თანახმად, ოპერატორებს უმოკლეს ვადებში უნდა განეხორციელებინათ სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. გარდა ზემოაღნიშნული მითითებისა, ბოლო 2 წლის განმავლობაში, აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების მფლობელებთან გაიმართა არაერთი შეხვედრა, სადაც არაერთხელ განემარტათ კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, გაეწიათ შესაბამისი კონსულტაცია და მიეცათ გაფრთხილება კანონის მოთხოვნების დაცვის შესახებ.
სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში მოტოდელტაპლანების რეგისტრაციის მოთხოვნის აუცილებლობა გამოიწვია იმ გარემოებამ, რომ აჭარის რეგიონის სანაპირო ზოლში ფუნქციონიერებენ არარეგისტრირებული მოტოდელტაპლანები, რომლებიც რისკის ქვეშ აყენებენ ფრენების უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნიან ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას.
მეტიც, როგორც სააგენტოს მიერ განხორციელებული მოკვლევიდან ირკვევა, აღნიშნული საჰაერო ხომალდები არ არის წარმოებული ქარხნულად, არის ხელნაკეთი (კუსტარულად დამზადებული) და შესაბამისად, მწარმოებელი ვერ უზრუნველყოფდა გაურკვეველ პირობებში და გაურკვეველი კომპონენტებით დამზადებული აპარატების ტექნიკური მდგომარეობის შეფასებას, ასევე უსაფრთხოების ნორმებთან მისი შესაბამისობის დადგენას.
ვინაიდან მოტოდელტაპლანების მფლობელებმა სააგენტოში ვერ წარმოადგინეს ქარხანა-დამამზადებლის მიერ გაცემული საფრენად ვარგისობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს მათი კანონმდებლობით და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული რეგისტრაცია.
შესაბამისად, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მოკლებულია შესაძლებლობას, მოახდინოს მოტოდელტაპლანების კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული ნორმებით რეგისტრაცია და მიიჩნევს, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია საფრთხის შემცველია როგორც ოპერირების ზონაში სხვა საჰაერო ხომალდების ფრენების უსაფრთხოებისთვის, ისე მოქალაქეთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის“, – ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.