ავიაკომპანია Ryanair მნიშვნელოვან ცვლილებებს აცხადებს: 2025 წლის 3 ნოემბრიდან ისინი სრულად გადადიან ციფრულ ჩასხდომის ბარათებზე.

ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან მგზავრებს აღარ მიეცემათ ქაღალდის ბარათების გამოყენების უფლება. მათ მხოლოდ მობილური აპლიკაციაში არსებული ციფრული ჩასხდომის ბარათით შეეძლებათ თვითმფრინავში ასვლა.

ავიაკომპანიის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება მათ საშუალებას მისცემს, ყოველწლიურად 300 ტონაზე მეტი ქაღალდი დაზოგონ, რაც პოზიტიურად აისახება გარემოზე. გარდა ამისა, ეს პროცესი ბევრად უფრო დააჩქარებს აეროპორტში რეგისტრაციას.

ამჟამად „Ryanair“-ის მგზავრების დაახლოებით 80% უკვე ციფრული ბარათებით სარგებლობს, თუმცა, ახალი წესი ყველა მგზავრზე გავრცელდება.

გამონაკლისები: ზოგიერთი ქვეყნის აეროპორტში, მაგალითად, თურქეთსა (დალამანის აეროპორტის გარდა) და მაროკოში, ციფრული ბარათები ჯერჯერობით არ მიიღება, ამიტომ ამ მიმართულებით მგზავრობისას, მაინც დაგჭირდებათ ქაღალდის ვერსიის წარდგენა.

თუ მოგზაურობისას თქვენი ტელეფონი დაზიანდა, დაიკარგა ან დაჯდა, დახმარებისთვის აეროპორტის თანამშრომლებს უნდა მიმართოთ.