ევროპის უდიდესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა ფინანსურ წლის პირველ ნახევარში წმინდა მოგების 1,6-ჯერ, ხოლო შემოსავლის 30%-იანი ზრდა აჩვენა. აღდგომის სადღესასწაულო დღეებში და ზაფხულში დაფიქსირებულმა რეკორდულმა მგზავრთნაკადმა Ryanair-ს საწვავის ფასების მნიშვნელოვანი ზრდის უარყოფითი გავლენა დაუბალანსა.

როგორც კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი, წმინდა მოგებამ აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით 2,18 მილიარდი ევრო შეადგინა, მაშინ როდესაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის აღნიშნული მაჩვენებელი 1,37 მილიარდო ევრო იყო.

მიმდინარე ფინანსური წლის პირველ ნახევარში Ryanair-ის შემოსავალმა 8,58 მილიარდ ევროს მიაღწია. გასული ფინანსური წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელი კი 6,62 მილიარდ ევროს შეადგენდა.

აპრილ-სექტემბერში ავიაკომპანიის მომსახურებით ისარგებლა 105,4 მილიონმა მგზავრმა, რაც 11%-ით მეტია წინა წელის მაჩვენებლებთან შედარებით.

Ryanair-მა დაადასტურა თავისი პროგნოზი, რომ მისი მგზავრთნაკადი მიმდინარე ფისკალურ წელს 183,5 მილიონ მგზავრს მიაღწევს თუმცა, კომპანია განმარტავს, რომ ამ პროგნოზის მიღწევა დამოკიდებულია Boeing-ის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე, რაც თვითმფრინავების დროულ მიწოდებას უკავშირდება.

კომპანია ამ ფისკალურ წელს 1,85-2,05 მილიარდი ევროს წმინდა მოგებას ელის.

Ryanair აპირებს 2024 წელს თითო აქციაზე 0,35 ევრო დივიდენდი გადაიხადოს.