ევროპის უმსხვილესმა ავიაკომპანია Ryanair-მა გერმანიის მთავრობას მოუწოდა, შეამციროს თავისი „გადაჭარბებული“ საავიაციო გადასახადი, წინააღმდეგ შემთხვევაში 2025 წლის ზაფხულისთვის ქვეყანა დაკარგავს Ryanair-ის ტევადობის 10%-ს (1,5 მილიონი ადგილი).
Ryanair-მა ასევე მოუწოდა მთავრობას სასწრაფოდ შეამციროს საჰაერო მოძრაობის მომსახურების მზარდი გადასახადები, რომლებიც 2019 წლიდან გაორმაგდა და გადადოს საჰაერო უსაფრთხოების გადასახადების დაგეგმილი 50%-იანი ზრდა.
თუ Ryanair-ის პირობები არ დაკმაყოფილდება, კომპანია თავისი შესაძლებლობები ევროკავშირის სხვა ქვეყნებზე გადამისამართებას მოახდენს, რომლებსაც აქვთ დაბალი გადასახადები, როგორიცაა იტალია, პოლონეთი, ესპანეთი და პორტუგალია.
„გერმანიამ აღადგინა კოვიდამდელი ტრაფიკის მხოლოდ 82%, რაც ყველაზე ცუდი შედეგია ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში. მაღალი სამთავრობო გადასახადების (ყველაზე მაღალი ევროპაში) და Lufthansa-ს მონოპოლიის ფონზე, გერმანიის მოქალაქეები/ვიზიტორები ევროპაში ავიაბილეთებში ყველაზე მაღალ ფასებს იხდიან“, – განაცხადა Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ედი უილსონმა.
მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის სხვა ბაზრები, როგორიცაა უნგრეთი, იტალია, პოლონეთი და შვედეთი, ამცირებენ ან ხსნიან საავიაციო გადასახადებს, გერმანიამ ის 2024 წლის მაისში 24%-ით გაზარდა.