უმსხვილესმა ევროპულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიებმა Rynair-მა და Wizz Air-მა თავიანთ ფინანსურ ანგარიშგებაში უახლოეს წლებში ახალი თაობის თვითმფრინავებზე გადასვლის გეგმა გაასაჯაროვეს.

ამ მონაცემებიდან გამომდინარეობს, რომ Wizz Air-ი ახალი თაობის თვითმფრინავებზე 100%-ით 2029 ფინანსურ წელს გადავა. Ryanair-ის ფლოტის განახლება კი უფრო ნელი ტემპით მოხდება, ახალი თაობის თვითმფრინავების რაოდენობა მის ფლოტში მხოლოდ 2031 ფინანსურ წელს გადააჭარბებს წინა თაობის თვითმფრინავების რაოდენობას.

როგორ შეიცვლება Wizz Air-ის ფლოტი

2024 წლის მარტის ბოლოსთვის Wizz Air-ის ფლოტი 207 ერთეულამდე გაიზრდება. მასში შედის 39 ერთეული Airbus A320 და 41 ერთეული A321 თვითმფრინავი, რომლებიც წინა თაობის თვითმფრინავია, 6 ერთეული A320neo და 121 ერთეული A321neo, რომლებიც ახალი თაობის თვითმფრინავებია. ეს ნიშნავს, რომ ახლა Wizz Air-ს თავისი ფლოტის ნახევარზე მეტი უკვე დაკომპლექტებული აქვს ახალი თაობის თვითმფრინავებით.

Wizz Air-ის მომავალი ფლოტის საფუძველი იქნება ახალი თაობის A321neo თვითმფრინავი – თვითმფრინავის სტანდარტული ვერსია და A321XLR ვერსია, რომელსაც აქვს გაფართოებული დიაპაზონი. A321XLR Wizz Air-ს საშუალებას მისცემს განახორციელოს შორდისტანციური ფრენები, მაგალითად ევროპიდან აზიაში ან ამერიკაში.

2030 ფინანსური წლის ბოლოს Wizz Air გეგმავს 449 თვითმფრინავით ოპერირებას: 19 ერთეული A320neo, 47 ერთეული A321XLR და 383 ერთეული A321neo.

Ryanair-ის ფლოტის მომავალი

ამჟამად Ryanair-ის ფლოტის უმეტესი ნაწილი შედგება წინა თაობის Boeing 737-800 თვითმფრინავებისგან. ეს მოდელი გამოიყენება 1998 წლიდან და აღარ არის წარმოებაში.

2023 ფინანსური წლის ბოლოს Ryanair-სა და მის შვილობილი კომპანიების ფლოტი 537 თვითმფრინავისგან იყო წარმოდგენილი. წინა თაობაში შედის 411 ერთეული Boeing 737-800 და 28 ერთეული Airbus A320, ახალ თაობაში შედის 98 ერთეული Boeing 737-8200 MAX.

2027 ფინანსურ წელს Ryanair ელოდება, რომ თავის ფლოტს დაამატებს ახალი თაობის Boeing 737-10 MAX-ს, რომელსაც აქვს გაზრდილი ტევადობა.

2031 ფინანსურ წელს Ryanair-ის ახალი თაობის თვითმფრინავების რაოდენობა გადააჭარბებს წინა თაობის თვითმფრინავების რაოდენობას. იმავე წელს, დაბალბიუჯეტიანი გადამზიდავი Lauda-ს ავსტრიული შვილობილი კომპანია თავისი ფლოტიდან ამოიღებს ბოლო A320 თვითმფრინავს.

2034 ფინანსური წლის ბოლოსთვის, მთელი Ryanair ჯგუფის ფლოტი 800 თვითმფრინავს გააერთიანებს: 290 ერთეულ Boeing 737-800-ს, ასევე 210 ერთეულ Boeing 737-8200 MAX-ს და 300 ერთეულ Boeing 737-10 MAX-ს.