Ryanair კაუნასიდან ოთხ ახალ მარშრუტს გახსნის. როგორც უცხოური მედია წერს, აღნიშნული პროექტისთვის კომპანია 20 მილიონი ევროს ინვესტიციას განახორციელებს, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და კაუნაში განათავსებს დამატებით თვითმფრინავებს.
ზაფხულში ავიაკომპანია დაიწყებს მგზავრების ტრანსპორტირებას კაუნასიდან ბერლინში, მილანში (ბერგამო), პიზასა და ზადარში.
დღეისათვის კაუნასის აეროპორტიდან ფრენები ევროპის მასშტაბით სრულდება, მაგალითად დანიის, შვედეთის, დიდ ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების მიმართულებით. კაუნასის აეროპორტი მეორე დატვირთული აეროპორტია ლიეტუვაში და მეოთხე ბალტიისპირეთის ქვეყნებში.
აღსანიშნავია, რომ Ryanair-მა კაუნასის აეროპორტში ინვესტიცია მანამდეც განახორციელა, რის შედეგადაც აშენდა ორი ახალი ანგარი თვითმფრინავების მომსახურებისთვის. ლიეტუვა კაუნასში თვითმფრინავების ტექნიკური სექტორის განვითარებას გეგმავს. ისინი ცდილობენ შეინარჩუნონ წამყვანი პოზიცია ბალტიისპირეთის ქვეყნებს შორის თვითმფრინავების მოვლაში.