ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair გეგმავს, გაუზარდოს ბონუსები იმ თანამშრომლებს, რომლებიც ფრენაზე – გეითთან აღმოაჩენენ მგზავრებს არასტანდარტული ზომის ხელბარგით.
კომპანიის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ ის „არავითარ შემთხვევაში არ იხდის ბოდიშს“ იმის გამო, რომ იჭერენ ადამიანებს, რომლებიც „სისტემის მოტყუებას ცდილობენ“.
ლონდონში გამართულ პრესკონფერენციაზე ო’ლირიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ნოემბრიდან ავიაკომპანია ბონუსს გაზრდის თითოეული ზედმეტი ხელბარგის აღმოჩენისთვის 1.50 ევროდან 2.50 ევრომდე. ასევე, გაუქმდება ბონუსების მაქსიმალური ლიმიტი, რომელიც აქამდე თვეში 80 ევროს შეადგენდა.
Ryanair-ის მგზავრები ვალდებულნი არიან დაიცვან ბარგის გადაზიდვის მკაცრი წესები. ყველაზე დაბალ ფასად შეძენილი ბილეთი მხოლოდ ერთი მცირე ზომის ხელჩანთის სალონში ატანის უფლებას იძლევა, რომელიც წინა სავარძლის ქვეშ უნდა მოთავსდეს. თუ მგზავრს გასასვლელთან ზედმეტად დიდი ხელბარგი აღმოაჩნდება, მისი ბარგის განყოფილებაში განთავსებისთვის, შესაძლოა, 87 ევროს გადახდა მოუწიოს.
„არავითარ შემთხვევაში არ ვიხდი ბოდიშს ამის გამო. მინდა, რომ ჩვენმა თანამშრომლებმა დაიჭირონ ის ადამიანები, რომლებიც სისტემის მოტყუებას ცდილობენ“, — თქვა ო’ლირიმ და დასძინა, რომ მისთვის დღემდე გასაკვირია, რამდენი ადამიანი ფიქრობს, რომ ზურგჩანთით შეძლებს ფრენაზე დაშვებას ისე, რომ მათ ვერავინ შეამჩნევს.
ო’ლირის განცხადებით, ყოველწლიურად დაახლოებით 200,000 მგზავრს უწევს ბარგის საფასურის გადახდა უშუალოდ გეითთან, ამიტომ „მათთან გამკლავებისთვის მეტია საჭირო“.
„ჩვენ გვინდა, რომ ყველამ დაიცვას წესები. თუ თქვენ იცავთ მათ, პრობლემა არ იქნება. ჩვენ მართავთ ძალიან ეფექტურ, ხელმისაწვდომ და დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიას და არ ვაპირებთ ვინმეს უფლება მივცეთ, ხელი შეგვიშალოს“, — დაასკვნა ო’ლირიმ.












