ირლანდიაში საქართველოს დროებითი რწმუნებულის, გიორგი ზურაბაშვილის შეფასებით, საქართველოში, მსოფლიოში უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ირლანდიური ავიაკომპანიის Ryanair-ის შემოსვლა ეკონომიკური დიპლომატიის ნათელი მაგალითია.
გიორგი ზურაბაშვილის თქმით, Ryanair-თან ურთიერთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ირლანდიაში საქართველოს საელჩოსა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მრავალწლიანი შრომისა და ძალისხმევის შედეგია. როგორც დროებითმა რწმუნებულმა აღნიშნა, ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა ქართულ ბაზარზე ხელს შეუწყობს საქართველოს ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.
„მრავალწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ კომპანია Ryanair-ი საქართველოში შემოდის. აღნიშნული ავიაკომპანიის საქართველოში შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ საქართველოში ხედავენ დიდ ტურისტულ, ეკონომიკურ და სატრანზიტო პოტენციალს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს ეკონომიკისა და ტურიზმის სფეროების განვითარებას”,- აღნიშნა გიორგი ზურაბაშვილმა.
ირლანდიაში საქართველოს საელჩოს აქტიური ჩართულობით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” ერთობლივი ძალისხმევით, ქართულ მხარესა და ირლანდიურ ავიაკომპანია Ryanair-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებას მთავრობის ადმინისტრაციაში ხელი მოაწერეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა, გიორგი ჩოგოვაძემ და Ryanair-ის კომერციულმა დირექტორმა, დევიდ ო’ ბრაიენმა.
Ryanair-ი თბილისისა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტებიდან იფრენს. პირველი ფრენა 6 ნოემბერს თბილისიდან მილანის მიმართულებით შესრულდება.