დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ის დროებითი, შეზღუდული განრიგი 16 აპრილამდე გახანგრძლივდა. ინფორმაცია ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.
Ryanair-ის ცნობით, ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობას ფრენებზე აკრძალვა ან შეზღუდვა აქვს დაწესებული, რის გამოც თვითმფრინავების 90%-ი ბაზირების ადგილზე, აეროპორტებშია განლაგებული. 
„ჩვენ ვმუშაობთ ევროკავშირის ქვეყნების მთავრობებთან, რათა შევინარჩუნოთ მინიმალური რაოდენობის ფრენები – საგანგებო მიზნებისთვის – იმის მიუხედავად, რომ ამ ფრენების დატვირთვა დაბალია“, – წერია განცხადებაში.
Ryanair-ში აცხადებენ, რომ დარჩენილი ფრენების შესახებ ინფორმაცია ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი. ამასთან, ყოველდღიურად ხდება საჰაერო ხომალდების დეზინფექცია. დაბალი დატვირთვის პირობებში, ხდება სოციალური დისტანციის დაცვაც.