რამდენიმე თვეში “ლოუკოსტერი” Ryanair-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეისებს კიოლნიდანაც შეასრულებს. აღნიშნული ინფორმაცია ავიაკომპანიასა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ გახდა ცნობილი.

თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, რომ კიოლნი-თბილისი-კიოლნის მიმართულებაზე ფრენები 2019 წლის ზაფხულიდან დაიწყება.

“ნოემბრიდან ავიაკომპანია Ryanair-ი, როგორც იცით იწყებს ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან მილანის მიმართულებას. დღეს სიურპირზი იყო და ცნობილი გახდა, რომ მომავალი წლის ზაფხულიდან კიოლნის მიმართულებაც დაემატება.

ეს არის სასიხარულო. ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 8 დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ოპერირებს და  Ryanair-ი არის მეცხრე დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანია. ასევე აღსანიშნავია, რომ თბილისის აეროპორტში ევროპულ მიმართულებებზე მხოლოდ უკრაინის მიმართულებით იყო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია და ახლა უკვე გვექნება მილანის მიმართულებაც. ეს ყველაფერი არის ძალიან კომფორტული, ადგილობრივი მგზავრებისთვის. ასევე გაიზრდება ტურისტების რაოდენობაც”, აცხადებს TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე

ზაქარაძის განმარტებით,  კიოლნი-თბილისის მარშრუტზე ოპერირებისთვის მხარეებს შორის მოლაპარაკებები სამომავლოდ გაიმართება.

​კიოლნის მიმართულება ჩვენთვისაც სიახლე იყო. ჩვენ შეთანხმება ამ ეტაპისთვის გვქონდა მხოლოდ მილანზე და რაც შეეხება კიონლს სავარაუდოდ ამაზე ცალკე მოლაპარაკებები გაიმართება”, აღნიშნა TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ.