ავიაკომპანია Ryanair-ის ხელმძღვანელმა, მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ მომავალ თვეში მგზავრები შესაძლოა ფრენების სერიოზულ შეფერხებას წააწყდნენ. პრობლემა საავიაციო საწვავის მარაგებს უკავშირდება, რომლის მიწოდების ჯაჭვიც, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, მაისის დასაწყისიდან შესაძლოა დაირღვეს.
თებერვლის ბოლოდან, ირანში საომარი მოქმედებების დაწყებისა და ჰორმუზის სრუტის ბლოკირების გამო, ნავთობის ფასები მკვეთრად გაიზარდა. ო’ლირის განმარტებით, Ryanair-ი საწვავის 80%-ზე რისკებისგან დაზღვეულია, თუმცა დარჩენილ 20%-ში კომპანია თითქმის ორმაგ ფასს — ბარელზე დაახლოებით 150 დოლარს იხდის. მისივე ვარაუდით, მაისსა და ივნისში მიწოდების 10%-დან 25%-მდე რისკის ქვეშაა, თუმცა კომპანია რეისების გაუქმებას ჯერჯერობით არ გეგმავს. პარალელურად, EasyJet-ის გენერალური დირექტორი, კენტონ ჯარვისი მომხმარებლებს ზაფხულის ბოლოს ბილეთების ფასების ზრდის შესახებ აფრთხილებს.
საწვავის გაძვირებისა და უსაფრთხოების რისკების გამო, ევროპულმა ავიაკომპანიებმა მარშრუტების გადახედვა უკვე დაიწყეს:
სკანდინავიურმა SAS-მა აპრილისთვის დაგეგმილი ათასამდე რეისი გააუქმა;
Lufthansa-მ და Wizz Air-მა შეცვალეს ფრენის ტრაექტორიები ირანის საჰაერო სივრცის გვერდის ავლით, რამაც ფრენის დრო და საწვავის ხარჯი გაზარდა;
Wizz Air-მა დროებით ამოიღო განრიგიდან რეისები ისრაელის, იორდანიისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების მიმართულებით.
საპირისპირო პოზიცია აქვს ბრიტანეთის ბიზნესისა და ვაჭრობის სახელმწიფო მდივანს, პიტერ კაილს. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე საწვავის მიწოდების ჯაჭვში პრობლემები არ ფიქსირდება და ქვეყანა კრიტიკული ინფრასტრუქტურით კარგად არის უზრუნველყოფილი. ანალოგიურ ინფორმაციას ავრცელებს დარგობრივი ასოციაცია Airlines UK-იც, სადაც აღნიშნავენ, რომ ბრიტანული ავიახაზები ამ დროისთვის შეფერხებებს არ განიცდიან.










