1 ივლისიდან დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი ფრენების 40%-ს აღადგენს.აღნიშნულის შესახებ განცხადებას ავიაკომპანიის მენეჯმენტი აკეთებს.
Ryanair-ში განმარტავენ, რომ უახლოეს ხანებში COVID-19-ის კრიზისამდე არსებული მიმართულებების 90 %-ს აღადგენენ. საუბარია ყოველდღიურად 1000-მდე ფრენაზე. განრიგი და ფასები Ryanair-ის საიტზე უკვე ხელმისაწვდომია, საიდანაც ირკვევა, რომ Ryanair-ი საქარველოს მიმართულებით ფრენებს 1-ელი ივლისიდანვე აღადგენს.
ავიაკომპანიის განცხადებაში საქართველოს მიმართულებაზე საუბარი არ არის, თუმცა ვებ-გვერდის თანახმად, მილანიდან და კოლნიდან თბილისის მიმართულებით ავიაბილეთების გაყიდვები უკვე დაწყებულია 1-ელი ივლისის რეისებზე. რაც შეეხება ქუთაისის მიმართულებას, სადაც ავიაკომპანია ბოლონიიდან და მარსელიდან ოპერირებდა, ფრენებს ივლისის დასაწყისშივე აღადგენს.
აღსანიშნავია, რომ COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით ავიაკომპანიამ საქართველოს მიმართულებით ბოლო ფრენა 15 მარტს მარსელიდან-ქუთაისის მიმართულებაზე განახორციელა.
როგორც Ryanair-ის განცხადებაშია აღნიშნული, COVID-19-ის კრიზისის შემდეგ, ანუ მარტის შუა რიცხვებიდან ავიაკომპანია ირლანდიიდან დიდი ბრიტანეთისა და ევროპის ცალკეული ქალაქების მიმართულებით მხოლოდ 30 სიხშირით ოპერირებდა.
ხოლო ივლისიდან ავიაკომპანია ფრენებს 80 ბაზიდან განაახლებს ოპერირებას. ცნობილია, რომ საწყის ეტაპზე ფრენები ნაკლები სიხშირეებით შესრულდება, რადგანაც ავიაკომპანიის მიზანი მეტი მიმართულებების დაფარვაა.
ავიაკომპანია მგზავრებს ახალი რეგულაციების შესახებაც ატყობინებს და აეროპორტში და თვითმფრინავის ბორტზე ნიღბების ტარებისკენ და სოციალური დისტანციის დაცვისკენ მოუწოდებს.