შეზღუდვების მოხსნისა და ფრენების განახლების შემდეგ დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი ფასების ომისთვის ემზადება. აღნიშნულის შესახებ განცხადება Ryanair Group-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო ლირიმ გააკეთა.

Ryanair-ის მენეჯერი მიიჩნევს, რომ ბაზარი აღდგენას მალე მოახერხებს და დარგი ძველ მაჩვენებელს რამდენიმე წელში დაუბრუნდება.

“ინდიკატორები ნორმალურ დონეს დაუბრუნდება, მაგრამ ფასების უფრო დაბალი დონით.

ფრენების განახლებამდე ჩვენ ბილეთების გაყიდვას განვაახლებთ და ამას გააკეთებენ სხვა ავიაკომპანიებიც. ჩვენ არ გვაღელვებს ბილეთს გავყიდით 9,99 ევროდ, 4,99 ევროდ, 1,99 ევროდ თუ 0,99 ევროდ, მთავარია რომ ჩვენი პილოტები, ბორტგამცილებლები და თვითმფრინავები ცაში დავაბრუნოთ“, აცხადებს ო ლირი.

Ryanair Group-ის  ხელმძღვანელის პროგნოზით, ფრენები გარკვეული შეზღუდვებით ივნისიდან განახლდება, რის გამოც ივლისსა და აგვისტოში ფრენებზე იაფი ბილეთები გამოჩნდება.

„ბევრი ადამიანი დღეს სახლშია ჩაკეტილი. ისინი მოინდომებენ, რომ ვიდრე მათი შვილები სკოლებში წავლენ, თუ უსაფრთხოებიდან გამომდინარე ეს შესაძლებელ იქნება, დასასვენებლად წავიდნენ“, აცხადებს ო ლირი.

მისივე განმარტებით, 2021 წელს ბილეთის ფასები დაბალი იქნება, რადგანაც დაბალი იქნება ნავთობის ფასი, ასევე აეროპორტები დაწევენ გადასახადებს, რათა ავიამიმოსვლა წაახალისონ.