Ryanair-ი ფრენების გააქტიურებას ივლისიდან ელოდება. თუმცა ავიაკომპანია ვარაუდობს, რომ ამის შემდეგაც მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი შემცირება მოხდება.

Ryanair-ი აპრილი-ივნისის პერიოდში 42.4 მილიონი მგზავრის გადაყვანას გეგმავდა, ფაქტობრივი მაჩვენებელი კი, სავარაუდოდ, 150 ათასზე ნაკლები იქნება. ამ პერიოდში ავიაკომპანია ფრენების ერთ პროცენტზე ნაკლებს შეასრულებს.
ივლისი-სექტემბრის პერიოდში დაგეგმილი იყო 44.6 მილიონი მგზავრის გადაყვანა, ახალი პროგნოზით კი, ავიაკომპანია ამ მაჩვენებლის 50 პროცენტს მიაღწევს.
რაც შეეხება მთლიან ფინანსურ წელს, რომელიც 2021 წლის მარტში დასრულდება, თავდაპირველად დაგეგმილი 154 მილიონი მგზავრის ნაცვლად Ryanair, სავარაუდოდ, 100 მილიონზე ნაკლებს მოემსახურება (-35%).
Ryanair-ი უკმაყოფილოა იმითაც, რომ სახელმწიფოთა ნაწილი ავიაკომპანიებს ფინანსურად ეხმარება. „ეს უსამართლო და დისკრიმინაციული მიდგომა გასაჩივრდება ევროპულ სასამართლოებში“, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში. 
Ryanair მიუთითებს, რომ Lufthansa Group-მა 12.4 მილიარდი ევრო უნდა მიიღოს, AF-KLM Group-მა 10.1 მილიარდი, TUI Group-მა 1.8 მილიარდი, Alitalia-მ 1.7 მილიარდი, SAS-მა 0.8 მილიარდი, Finnair-მა 0.7 მილიარდი, Norwegian-მა 0.3 მილიარდი.

გარდა ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მინიმუმ ორი წელი დასჭირდება მგზავრთა მოთხოვნილების ნორმალიზებას. ამან კი შესაძლოა 3,000-მდე სამუშაო ადგილის დაკარგვა გამოიწვიოს, ძირითადად საუბარია მფრინავებსა და ბორტგამცილებლებზე.