ევროპის უმსხვილესი ავიაკომპანია Ryanair-ი პანდემიური წლის შემდეგ კვლავ პირველ ადგილს ინარჩუნებს, – უმსხვილესი ევროპული ავიაკომპანიების რეიტინგი ფრენების მაჩვენებლის მიხედვით EUROCONTROL-მა გამოაქვეყნა.

EUROCONTROL-ის მონაცემებით, კომპანია ლიდერის პოზიციას 2019 წელთან ფრენების 59%-ის შემცირების მიუხედავად იკავებს.

COVID-მა ევროპულ ავიაკომპანიებზე დიდი გავლენა მოახდინა. ევროპული ფლოტის 51%-ით შემცირებამ 8,048 თვითმფრინავიდან 4,118–ის გაჩერება გამოიწვია. საერთო ჯამში ფრენების საშუალო შემცირება ტოპ 10 ევროპულ ავიაკომპანიაში 45%-დან 67%-მდე მერყეობდა. აქედან რამდენიმე კომპანიაში პანდემიამ სერიოზული ცვლილებები გამოიწვია.

TOP-10-დან ამოვარდა Eurowings-ი, Lufthansa Group-მა 69%-იანი კლებით მე-14 ადგილზე გადაინაცვლა, ხოლო Norwegian Air Shuttle, რომელიც აგრძელებს ბრძოლას გაკოტრების მიუხედავად 73%-იანი ვარდნის მაჩვენებლით მე-16 ადგილს იკავებს.

მათი ადგილები სხვა ავიაკომპანიებმა დაიკავეს. EUROCONTROL-ის ანგარიშის მიხედვით, Wizz Air-ი მე-12-დან მე-9 პოზიციაზე გადავიდა, Pegasus Airlines-მა ძლიერი შიდა მოთხოვნის ფონზე მე-14-დან მე-10-ზე გადმოინაცვლა, რაც ასევე აისახა Turkish Airlines–ზე, რომელმაც 2019 წელს დაკავებული მე-4 ადგილიდან 2020 წელს მე-2 ადგილზე გადაინაცვლა.