ავიაკომპანია Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტმა და საწვავის დეფიციტმა შესაძლოა ზაფხულის სამუშაო სეზონზე ევროპული ავიამიმოსვლის შეფერხება გამოიწვიოს. მისი განმარტებით, თუ დაპირისპირება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში არ დასრულდება, ივნისიდან ევროპისთვის საავიაციო ნავთობის მიწოდება მნიშვნელოვნად შეიზღუდება. ამ ეტაპზე ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი გადამყვანი ყოველდღიურ რეჟიმში მართავს კონსულტაციებს მომწოდებლებთან, რომლებიც აცხადებენ, რომ სიტუაცია მაისის ბოლომდე სტაბილური დარჩება, თუმცა ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით საწვავის მარაგების 10%-დან 20%-მდე შემცირების რისკი არსებობს.

გლობალური ავიახაზები უკვე დგანან საწვავის დეფიციტისა და ფასების მკვეთრი ზრდის წინაშე, რაც ჰორმუზის სრუტეში ნავთობის ტრანსპორტირების შეფერხებამ გამოიწვია. მაიკლ ო’ლირის თქმით, თუ კრიზისი მაისამდე გაგრძელდება, Ryanair-ს და მის კონკურენტებს მოუწევთ ფრენების ნაწილობრივი გაუქმება ან ტევადობის შემცირება იმ აეროპორტებში, სადაც საწვავზე წვდომა ყველაზე მეტად შეიზღუდება. განსაკუთრებული რისკის ქვეშ გაერთიანებული სამეფოს ბაზარია, რომელიც დიდწილად არის დამოკიდებული ქუვეითიდან იმპორტირებულ ნავთობზე. საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, ევროპის საავიაციო საწვავის მოთხოვნის დაახლოებით 25-30% სწორედ სპარსეთის ყურის რეგიონიდან კმაყოფილდება, რაც ევროპას ერთ-ერთ ყველაზე მოწყვლად წერტილად აქცევს.

მსგავსი პროგნოზები გააკეთა გერმანულმა Lufthansa-მაც, რომლის ხელმძღვანელი კარსტენ სპორი აცხადებს, რომ დეფიციტის ნიშნები პირველად აზიის ბაზარზე გამოჩნდა, სადაც ზოგიერთი აეროპორტი საწვავის სიმცირის გამო დამატებით რეისებს აღარ იღებს. მიუხედავად მოსალოდნელი შეფერხებებისა, Ryanair-ის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე ავიაბილეთების ფასების მკვეთრ ზრდას არ პროგნოზირებს და ვარაუდობს, რომ აპრილიდან ივნისამდე პერიოდში ტარიფები წლიურ ჭრილში მხოლოდ 3-4%-ით მოიმატებს. თუმცა, საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტო აფრთხილებს დარგის წარმომადგენლებს, რომ აპრილიდან ნავთობის მიწოდების წყვეტა კიდევ უფრო გაღრმავდება და ევროპის ეკონომიკაზე ნეგატიურ გავლენას მოახდენს.