ირლანდიურმა Ryanair Holdings Plc-მა, 2022 წლის ფისკალური წლის პირველ ნახევარში თავისი წმინდა ზარალი 88%-ით შეამცირა. კომპანიამ ასევე განაცხადა, რომ განიხილავს ლონდონის საფონდო ბირჟიდან დელისტინგს, რადგან ამ პლატფორმაზე მისი აქციებით ვაჭრობის მოცულობა 2021 წელს საგრძნობლად დაეცა.
Ryanair-მა პირველადი ლისტინგი Euronext Dublin-ზე განახორციელა, ხოლო კომპანიის ამერიკული სადეპოზიტარო ხელწერილები (ADR) Nasdaq-ზე ივაჭრება.
ავიაკომპანიის წმინდა ზარალმა, ფისკალური წლის პირველ ნახევარში, რომელიც 30 სექტემბერს დასრულდა, 47,6 მლნ ევრო შეადგინა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 410,5 მლნ ევრო. იმავდროულად, კომპანიის შემოსავალი გაიზარდა 1,18 მლრდ-დან 2,15 მლრდ ევრომდე
საანგარიშო პერიოდში მგზავრთა რაოდენობა გაორმაგდა – ზრდამ 17,1 მლნ-დან 39,1 მლნ-მდე შეადგინა. დატვირთულობის კოეფიციენტი კი 72%-დან 79%-მდე გაიზარდა.
ბილეთის საშუალო ღირებულება კი 30%-ით გაიაფდა და 33 ევროზე ცოტა მეტი შეადგინა.
Ryanair-ის პროგნოზით, მიმდინარე ფისკალური წლის ბოლომდე მგზავრთა რაოდენობა 100 მლნ ადამიანს გადააჭარბებს, ზარალი კი 100-200 მლნ ევროს ფარგლებში იქნება.