ირლანდიული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair-ი ესპანეთში 2026 წლის ზაფხულში რეისებზე დამატებით 1 მილიონი ადგილის შემცირებას აპირებს. ამის მიზეზი აეროპორტების ოპერატორ Aena-სთან ტარიფების გაზრდის გამო წარმოქმნილი კონფლიქტია, განუცხადა Financial Times-ს კომპანიის ხელმძღვანელმა, მაიკლ ო’ლირიმ.
ავიაკომპანიამ უკვე გააუქმა 2 მილიონამდე ადგილი სანტიაგო-დე-კომპოსტელაში, ვალიადოლიდსა და ტენერიფეში, როგორც გასულ ზაფხულს, ასევე მომავალი ზამთრის პერიოდში.
„ორ კვირაში ისევ ჩავალ მადრიდში და სავარაუდოდ, მომავალი ზაფხულისთვის კიდევ 1 მილიონი ადგილის შემცირების შესახებ განვაცხადებ“, – აღნიშნა ო’ლირიმ.
ადრე Ryanair-ი Aena-ს 6.5%-იანი მოსაკრებლის ზრდის გაუქმებისკენ მოუწოდებდა, თუმცა კომპანიამ ამაზე უარი თქვა და Ryanair-ი „გამოძალვაში“ დაადანაშაულა. Aena-ს წარმომადგენლების თქმით, მოსაკრებლის ზრდა თითო მგზავრზე მხოლოდ 0.68 ევროს შეადგენს. ესპანეთის მთავრობამ, რომელიც Aena-ს 51%-იან წილს ფლობს, ამ დავაში ოპერატორს მხარი დაუჭირა.
Ryanair-ი ესპანეთში ყველაზე დიდი ავიამზიდი რჩება, რომელიც გადაყვანილი მგზავრების რაოდენობით ეროვნულ ავიაკომპანია Iberia-საც კი უსწრებს. ესპანეთი ირლანდიული ლოუკოსტერისთვის იტალიის შემდეგ მეორე ყველაზე მნიშვნელოვანი ბაზარია, საიდანაც გასულ ფინანსურ წელს კომპანიის შემოსავლის 18% იყო მიღებული.
2025 წლის დასაწყისიდან Ryanair-ის კაპიტალიზაცია 30%-ით გაიზარდა.












