იმ მოლოდინების ფონზე, რომ ტრამპმა შეიძლება რუსეთ-უკრაინის ომი დაასრულოს Ryanair უკრაინაში ფრენების განახლებას გეგმავს.
ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა მაიკლ ო’ლირიმ თქვა, რომ Ryanair ამუშავებს გეგმას, რომელიც ავიაკომპანიას საშუალებას მისცემს, რომ ომის დასრულებიდან ექვს კვირაში ფრენები განაახლოს, იტყობინება The Telegraph.
„ნამდვილად იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება წელს. ვფიქრობ, ერთ-ერთი რამ, რისი გაკეთებაც ტრამპს შეუძლია, არის უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის საკითხის რაც შეიძლება სწრაფად მოგვარება“, – თქვა მან.
ო’ლირიმ აღნიშნა, რომ საომარი მოქმედებების ფორმალური დასრულება აუცილებელი იქნება ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
„საბოლოოდ, მოთხოვნილი იქნება ცეცხლის შეწყვეტა, რადგან EASA არ დაუშვებს ფრენების განახლებას ამ ტერიტორიაზე, თუ მათ არ ექნებათ გარკვეული გონივრული გარანტია, რომ იქ რაკეტები არ გაფრინდება“, – დასძინა მან.
Ryanair გეგმავს გახსნას დაახლოებით 24 მარშრუტი კიევისა და ლვოვის მიმართულებით. სიმძლავრე უზრუნველყოფილი იქნება თვითმფრინავების გადამისამართებით, რომლებიც ბაზირებულია აეროპორტებში, როგორიცაა ლონდონის სტენსტედი და პარიზის ორლი, რათა მოემსახუროს ამ ქალაქებს.
მან ასევე დაამატა, რომ ოდესაში ფრენების განახლებას შესაძლოა უფრო მეტი დრო დასჭირდეს, ხოლო აღმოსავლეთისა და სამხრეთის ზოგიერთი კვანძი “მიწამდე დაიბომბა” და განადგურდა. საქმე ეხება მაგალითად ხერსონის აეროპორტს.
შეგახსენებთ, რომ ადრე Marsh McLennan-ის უფროსმა პარტნიორმა კრისპინ ელისონმა განაცხადა, რომ ფრენები უკრაინის ერთ-ერთ აეროპორტში – ლვოვში ან ბორისპილში – 2025 წლის იანვრის ბოლოს უნდა განახლებულიყო.
უკრაინამ ოფიციალურად დაიწყო მოლაპარაკებები აშშ-სა და ევროკავშირის მარეგულირებლებთან სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის აღდგენის შესახებ. ასევე მიმდინარეობს კონსულტაციები ისრაელის სამოქალაქო ავიაციის სამსახურთან.
ლვოვის საერთაშორისო აეროპორტი სწავლობს სამოქალაქო ავიაციისთვის ფრენების გახსნის შესაძლებლობას საომარი მდგომარეობის დროს უსაფრთხოების დაცვით.