რუსული ავიაკომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით ასრულებენ რეისებს და 8 ივლისიდან ფრენების შეწყვეტა მოუწევთ, მგზავრებს წინასწარ შეძენილი ავიაბილეთების საფასურს დაუბრუნებენ. ავიაკომპანიებმა შესაბამისი ინფორმაცია მგზავრებს უკვე მიაწოდეს და ცხელი ხაზის ამოქმედებაც დაანონსეს.

ავიაკომპანიებმა Ural Airlines-მაAeroflot-მა, S7-მა, Red Wings-მა, Pobeda Airlines-მა და Smartavia-მ 8 ივლისის შემდეგ პერიოდზე ავიაბილეთების რეალიზაცია შეწყვიტეს, თუმცა პირობა დადეს, რომ 8 ივლისამდე ფრენებს შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით განახორციელებენ.

რა ბედი ელით ქართულ ავიაკომპანიებს Georgian Airways-სა და Myway Airlines-ს, რომლებიც საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ასრულებენ რეისებს უცნობია. Georgian Airways-ში აცხადებენ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებულების შესახებ წუხელ გვიან გახდა ცნობილი და ღამით ოფიციალურ წყაროებთან კომუნიკაცია ვერ შედგებოდა. ამას თან დაერთო შაბათ-კვირა და შესაბამისად კომპანიებისთვის ორშაბათამდე უცნობი იქნება, შეძლებენ თუ არა ისინი რუსეთის მიმართულებით ფრენების განხორციელებას. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც, რუსულ ავიაკომპანიებს 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთიდან საქართველოს ტერიტორიაზე ფრენების განხორციელება აუკრძალა.

პუტინი მთავრობას ავალებს, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დააბრუნონ. ამასთან, მან დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.

რუსეთის პრეზიდენტი ასევე ავალებს ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საქართველოს ხელისუფლებასთან კოორდინირებული ქმედებები უზრუნველყოს.