2027 წლიდან საერთაშორისო საჰაერო გადაფრენების დროს სათბურის აირების ემისიის შემცირება სავალდებულო გახდება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის (ICAO) ყველა წევრისთვის. რუსული ავიაკომპანიებისთვის ეს რეგულაცია დიდ ფინანსურ ტვირთთან არის დაკავშირებული.

კომპანია Earthood Russia-ს გათვლებით, 2035 წლისთვის რუსული ავიაკომპანიების დანახარჯებმა ნახშირბადის კრედიტებსა და ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე, რომელიც რუსეთში ჯერ არ იწარმოება, შესაძლოა 258 მილიარდ რუბლს მიაღწიოს. ამ პერიოდში კომპენსირებას დაქვემდებარებული სათბურის აირების მოცულობა 0.5-1.3 მილიონი ტონიდან 1.1-3.6 მილიონ ტონამდე გაიზრდება.

რუსეთი, როგორც სსრკ-ის სამართალმემკვიდრე, ICAO-ს (საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაცია) წევრი 1970 წლიდანაა. ეს ორგანიზაცია გაეროს სტრუქტურის ნაწილია და მასში თითქმის ყველა ქვეყანა (197) შედის.

საზღვაო ფლოტში სათბურის აირებთან დაკავშირებული წესები დიდი ხანია მოქმედებს კლიმატის შესახებ პარიზის მემორანდუმის შესაბამისად. მაგალითად, ევროპისკენ მიმავალი ყველა გემი, გარკვეულ კოორდინატებთან მიახლოებისას, ვალდებულია მძიმე საწვავი (მაზუთი) მსუბუქი, დაბალგოგირდიანი საწვავით (დიზელი) ჩაანაცვლოს. ამის შედეგად, გემის მილიდან გამოსული გამონაბოლქვი ნაკლებად აბინძურებს გარემოს. ვიზუალურად ის ნაცრისფერიდან გამჭვირვალე ფერს იღებს. ამ წესებს ყველა გემი იცავს იმ რაიონებში, სადაც მემორანდუმი მოქმედებს.

აქედან გამომდინარე, თეორიულად რომც დავუშვათ, რომ რუსული თვითმფრინავების ფრენებზე სანქციები მოიხსნება, სათბურის აირების ემისიის ახალი წესების გამო ისინი მაინც ვერ შეძლებენ ევროპაში ფრენას, თუკი კვლავ ნავთის საწვავზე იფრენენ და არა ეკოლოგიურად სუფთა საწვავზე. მაშ, რა არის გამოსავალი?