რუსული ავიაკომპანიების ნაწილმა სანქციებისგან თავის დაღწევის საშუალებას მიაგნო. საუბარია ავიაკომპანიებზე  Azur Air, Nordwind/Pegas Fly და Royal Flight, რომელმაც სანქციების თავიდან აცილების სქემა შეიმუშავეს.

ამ ავიაკომპანიების გეგმა კი მდგომარეობს იმაში, რომ თურქეთის იურისდიქციის ქვეშ მყოფი თვითმფრინავების ხელახალი რეგისტრაცია მოახდინონ, რაც შედარებით მარტივი იქნება, რადგან ყველა ეს ავიაკომპანია რეალურად თურქული ტუროპერატორების საკუთრებაა. ამრიგად, ეს  თვითმფრინავი შეიძლება ამოღებულ იქნეს სანქციებიდან.

ამის შესახებ FrequentFlyers-ი წერს და დასძენს, რომ ჯამში საუბარია 93 საჰაერო ხომალდზე. გამოცემას სანდო წყარომ დაუდასტურა, რომ ასეთი მოლაპარაკებები მართლაც მიმდინარეობს.

ამ საჰაერო ხომალდებს პირდაპირი ფრენა მხოლოდ თურქეთის კურორტებზე შეეძლებათ, ხოლო მსოფლიოს სხვა ქვეყნის მიმართულებით ოპერირება კი თურქეთში შუალედური დაშვებით.

ირკვევა ისიც, რომ თეორიულად, თურქულ ავიაკომპანიას შეუძლია ჩარტერული ფრენები განახორციელოს რუსეთიდან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, რადგანაც ეს რეისები არ შემოიფარგლება სამთავრობათაშორისო შეთანხმებებით ან საჰაერო სივრცის თავისუფლებით.

თუმცა, პრაქტიკაში, ასეთი ფრენები შეიძლება ჩაითვალოს სანქციების გვერდის ავლის მცდელობად და სხვა ქვეყნებმა შესაძლოა არ დაუშვან ასეთი რეისები თავიანთ საჰაერო სივრცეში.

უფრო მეტიც, სანქციები შეიძლება დაწესდეს ნებისმიერი ავიაკომპანიის მიმართ, რომელიც მიფრინავს რუსეთში და არა მხოლოდ რუსული. ასევე, ეფექტური მოთხოვნის შენარჩუნების საკითხი ღია რჩება რუბლის მიმდინარე დევალვაციის პირობებში.