“რუსთავი 2”-ის შენობის თავზე დაფიქსირებული ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო) ისრაელის ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდი აღმოჩნდა, რომელიც თბილისის მერიის დაკვეთით საავიაციო სამუშაოებს ასრულებდა.
“დღეს, ტელეკომპანია „რუსთავი 2″-ის ეთერში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა „ამოუცნობი“ საფრენი აპარატის მიერ განხორციელებულ გადაფრენებს ტელეკომპანიის შენობის თავზე, გაცნობებთ, რომ აღნიშნული საჰაერო ხომალდი (Cessna 172) ეკუთვნის ისრაელის ავიაკომპანიას, რომელიც ახორციელებს საავიაციო სამუშაოებს თბილისის მერიის დაკვეთით. მუშაობა მიმდინარეობს თბილისის ადმინისტრაციულ საზღვრებში, ციფრული აეროგადაღებების პროდუქტებისა და ფოტორეალისტური 3D მოდელის შესაქმნელად. სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ შესაბამისი ნებართვა ავიაკომპანიას მიმდინარე წლის 16 მაისს მიანიჭა. საავიაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 15 ივლისამდე გაგრძელდება. ფრენები შეთანხმებულია თავდაცვის სამინისტროსთან”, აღნიშნულია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ დღეს “რუსთავი 2”-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც “რუსთავი 2”-ის თავზე უცნობი საფრენი აპარატი გამოჩნდა.
“დაახლოებით ერთი საათის წინ, დაუდგენელი საფრენი აპარატი ჩვენი შენობის თავზე გამოჩნდა და “რუსთავი 2”-ის ოფისს რამდენჯერმე გადაუფრინა. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ეს აპარატი მათ არ ეკუთვნით, ამ დროისთვის ჩვენთვის უცნობია რა სახის საფრენი აპარატი ტრიალებს “რუსთავი 2″-ის თავზე და რა მიზნით”, აცხადებდა ტელეკომპანია.