რუსეთი და საქართველო პირდაპირი ავიარიესების აღდგენის საკითხის განხილვას გეგმავენ.
როგორც ქართულ-რუსული არაფორმალური დიალოგის ფარგლებში, რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის ფედერალური სათათბიროს ფედერალური საბჭოს წევრის გრიგორი კარასინის ონლაინ შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი, სატრანსპორტო კავშირებზე საუბრისას, რუსული მხრიდან აღინიშნა, რომ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუმჯობესების კონტექსტში შესაძლებელი იქნება საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხის განხილვა.
თუმცა, ამ ეტაპზე რუსეთის მხარეს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ აქვს. ქართული მხრიდან აღინიშნა, რომ ამ თემის პოლიტიზება არასწორია.
როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირდაპირი ავიარეისების აღდგენის წინაპირობაც ცნობილია “საქართველოში ანტირუსული გამოვლინების დასრულება და რუსეთის მოქალაქეებისთვის საფრთხეების გაქრობა”.
გარდა ამისა, ორივე ქვეყანაში COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული სანიტარული და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზება უნდა მოხდეს.
შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა.
ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ავიაემბარგო რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ მიიღო, რომელიც 20 ივნისს, ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. რამაც თავის მხრივ ქართველი ხალხის აღშფოთება გამოიწვია და თბილისი ვითარება ისე დაიძაბა, რომ ქვეყნიდან სერგეი გავრილოვის გაპარებაც კი გახდა საჭირო. საბოლოოდ კი ვლადიმერ პუტინმა ავიაემბარგო გამოაცხადა და ასე გადაწყვიტა საქართველოს “დასჯა”. პირდაპირი ავიამიმოსვლის ოფიციალურ მიზეზად კი რუსეთმა ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება დაასახელა.