რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) ქვეყნის საავიაციო პარკის მოსალოდნელი შემცირების შესახებ გაფრთხილება გაავრცელა. როსავიაციის ხელმძღვანელმა, დიმიტრი იადროვმა, ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რომ პესიმისტური პროგნოზით, 2030 წლამდე რუსეთის ავიაკომპანიების პარკიდან შესაძლოა 539 ერთეული საჰაერო ხომალდი ამოვარდეს.
დიმიტრი იადროვის თქმით, 6 ოქტომბრის მონაცემებით, რუსეთის 76 ავიაკომპანიის ფლოტი 1135 საჰაერო ხომალდს შეადგენს, რომლებიც ფრენების 99%-ს ასრულებს. მათგან 1088 თვითმფრინავია უშუალო ექსპლუატაციაში, ხოლო 47 არ გამოიყენება.
მოსალოდნელი დანაკარგები 2030 წლამდე:
თვითმფრინავი: 339 ერთეული, მათ შორის 230 რუსული წარმოების (მათ შორის 40, 50 და 60 წლის ხომალდები) და 109 უცხოური.
ვერტმფრენი: 200 ერთეული, მათ შორის 190 რუსული და 10 უცხოური.
იადროვმა აღნიშნა, რომ 15 წამყვან რუსულ ავიაკომპანიაში ავიაპარკის საშუალო ასაკი დაახლოებით 14 წელია, რაც, მისი თქმით, მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე ბევრი ევროპული და ამერიკული გადამზიდავის შემთხვევაში.
როსავიაციაში განაცხადეს, რომ უსაფრთხოების ნორმების დაცვით მიმდინარეობს აქტიური ზომების განხორციელება მოქმედი ფლოტის შესანარჩუნებლად და პესიმისტური სცენარის თავიდან ასაცილებლად.
ამ ზომებს შორის არის:
ძველი თვითმფრინავების ექსპლუატაციის გაგრძელება: Ан-24/26 და Як-40 ტიპის თვითმფრინავების ექსპლუატაციის ვადის გაგრძელება, სანამ შიდა წარმოების რეგიონული თვითმფრინავი შევა ექსპლუატაციაში.
ძრავების სერტიფიცირება: დამატებითი სასერტიფიკაციო პროგრამები რუსულ-ფრანგული ძრავისთვის SaM146 (რომელიც გამოიყენება Superjet 100-ის ლაინერებზე).
ტექნიკური მომსახურება: აქტიური მუშაობა უცხოური წარმოების ლაინერების ტექნიკური მომსახურების უზრუნველსაყოფად.
შეგახსენებთ, რომ 2024 წლის ივნისში როსავიაციამ შეწყვიტა ავიაკომპანიების ფლოტის ზუსტი მონაცემების საჯარო გამოქვეყნება, რაც გამოქვეყნებული ინფორმაციის ოპტიმიზაციით ახსნა. 2023 წლის ოქტომბერში რუსეთის ავიაპარკი 2228 საჰაერო ხომალდს ითვლიდა.












