საერთაშორისო სანქციების შედეგად, რუსეთის სამოქალაქო თვითმფრინავების პარკი 2026 წლისთვის შესაძლოა განახევრდეს. მიზეზი უცხოურ თვითმფრინავებსა და სათადარიგო ნაწილებზე წვდომის შეწყვეტაა.
ამის შესახებ უკრაინის საგარეო დაზვერვის სამსახური (СВР) იუწყება.
დაზვერვის ინფორმაციით, უმსხვილესმა რუსულმა ავიამზიდმა, „აეროფლოტმა“, სატვირთო ავიაკომპანია „ვოლგა-დნეპრთან“ შეთანხმება გააფორმა რვა „ბოინგის“ თვითმფრინავის გადაცემის თაობაზე. აღნიშნული თვითმფრინავები დაიშლება კომპონენტებად, რათა სამოქალაქო ავიაციის ტექნიკური მდგომარეობა შენარჩუნდეს.
2022 წლის დასაწყისში რუსეთი დაახლოებით 1.5-დან 1.8 ათასამდე დასავლური წარმოების სამოქალაქო თვითმფრინავს იყენებდა. საერთაშორისო სანქციების გამო, ეს რიცხვი მას შემდეგ მნიშვნელოვნად შემცირდა, რადგან რუსულმა ავიაკომპანიებმა უცხოურ სათადარიგო ნაწილებსა და საჰაერო ხომალდებზე წვდომა დაკარგეს. შედეგად, გადამზიდავები იძულებულნი არიან თვითმფრინავები მიწაზე დატოვონ ან სათადარიგო ნაწილები არაფორმალური სქემებით, ხარისხისა და უსაფრთხოების გარანტიის გარეშე შეიძინონ.
უკრაინის საგარეო დაზვერვა ხაზს უსვამს, რომ „ვოლგა-დნეპრსა“ და „აეროფლოტს“ შორის დადებული კონტრაქტი პირველი შემთხვევაა რუსულ საავიაციო ბაზარზე, როდესაც სამგზავრო ავიაკომპანია სატვირთო ბორტებს ექსკლუზიურად კომპონენტებად დასაშლელად იღებს.
დაზვერვის ცნობით, „საშუალოვადიან პერსპექტივაში ეს გამოიწვევს ავიაპარკის შემცირებას, ტრანსპორტირების ღირებულების ზრდას და რუსული სამოქალაქო ავიაციის შემდგომ დეგრადაციას. თუ ამჟამინდელი პირობები შენარჩუნდება, რუსეთის ავიაპარკი 2026 წლისთვის შესაძლოა ორჯერ მეტად შემცირდეს“, – ნათქვამია მათ განცხადებაში.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციას (ICAO) სანქციების შესუსტებას და თვითმფრინავების ნაწილების შეძენის ნებართვას სთხოვდა.
ივლისში დაზვერვა იუწყებოდა, რომ რუსეთის საავიაციო სექტორი დასავლური სანქციებისა და ტექნიკური პრობლემების გამო კოლაფსის პირას იყო. გადამზიდავების ზარალმა მხოლოდ ივლისის რამდენიმე დღეში 250 მილიონ დოლარს გადააჭარბა.












