რუსეთის მოქალაქეები თბილისში მეოთხე კარგ სატრანზიტო ჰაბს მიიღებენ – სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ, – ამის შესახებ მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია Azimuth-ის თანამფლობელმა ვიტალი ვანცევმა განაცხადა.

როგორც RBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში ვანცევმა აღნიშნა, მოსკოვსა და თბილისს შორის დატვირთულობამ 92%-ი შეადგინა და სწორედ ამიტომ 5 ივლისიდან Azimuth-მა მოსკოვიდან თბილისის მიმართულებით დღეში ორჯერ დაიწყო ფრენა. ის Georgian Airways-ის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომელმაც ფრენებისას გახსნისას დაბალ მოთხოვნაზე გააკეთა აქცენტი.

ინტერვიუში რუსმა ბიზნესმენმა თამაზ გაიაშვილზეც ისაუბრა და თქვა, რომ გაიაშვილი მისი მეგობარია.

„ორ დღეში თვითმფრინავის [ბილეთების] გაყიდვა რთულია. ბილეთებს ექვსი თვით ადრე გამოგვაქვს, მასობრივი გაყიდვები კი ერთი-ორი თვით ადრე იწყება. იმისთვის, რომ ბილეთები ცხელი ღვეზელებივით გაიყიდოს, საჭიროა „გლობალური მოვლენები ქვეყანასა და მსოფლიოში“. გასაგებია რასაც ვგულისხმობ? შემდეგ, როდესაც ასეთი მოვლენები არ ხდება, კლიენტს დრო სჭირდება, რათა გაიგოს [ბილეთების გაყიდვის შესახებ და დაგეგმოს მოგზაურობა].

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების გახსნამდე ხალხი ერევნის გავლით დაფრინავდა და არც თუ ისე ბევრი მგზავრი გაიქცა პირდაპირი რეისის ბილეთების გადასაცვლელად. ეს ხსნის იმ ფაქტს, რომ პირველ ნახევარ-ორ კვირაში ასეთი მაღალი დატვირთვა არ ყოფილა. დღეისათვის ამ მიმართულებით დატვირთვა დაახლოებით 92%-ია, ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ დრო იყო მეორე რეისების [დღეში] გაგვეხსნა. 5 ივლისიდან Azimuth-მა მოსკოვიდან თბილისში დღეში ორჯერ დაიწყო ფრენა.

ახლა ჩვენი პარტნიორები Georgian Airways-დან აკეთებენ კარგ შეთავაზებებს რუსი მგზავრებისთვის ტრანზიტის კუთხით, ხსნიან ფრენებს ევროპაში – პარიზში, ნიცაში და რომში, სადაც პირდაპირი ფრენები ახლა დაკეტილია. შედეგად, რუსები თბილისში მეოთხე კარგ სატრანზიტო ჰაბს მიიღებენ – სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ. ჩვენ Georgian Airways-თან ერთად ვცდილობთ დავალაგოთ ის ისე, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს ჩვენი მგზავრებისთვის, რომ კავშირი დროში იყოს მოკლე, საათნახევარი“, – აღნიშნა ვიტალი ვანცევმა.