რუსეთის და უკრაინის ბაზრების დაკარგვის პირდაპირი გავლენა რიგის საერთაშორისო აეროპორტის შემოსავლებზე დაახლოებით 7 მილიონი ევრო იქნება, – აცხადებს აეროპორტის გამგეობის თავმჯდომარე ლაილა ოდინა.

აეროპორტის მენეჯმენტი წელს რუსული ბაზრიდან დაახლოებით 4 მლნ ევროს მოცულობის შემოსავალს ელოდა, ხოლო უკრაინიდან 3 მლნ ევროს. რიგის აეროპორტის გამგეობის თავმჯდომარის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებლები აეროპორტის საერთო შემოსავლების დაახლოებით 9%-ია. მან ასევე არ გამორიცხა, რომ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, რიგაში ტურისტების ნაკადიც შემცირდება.

ლაილა ოდინამ აღნიშნა, რომ ამჟამად დიდი მნიშვნელობა ენიჭება აეროპორტის ახალი ტერმინალის მშენებლობას, რომელიც Rail Baltica-ს სარკინიგზო სადგურის მშენებლობასთან ერთად უნდა განხორციელდეს. თუმცა აეროპორტის მენეჯმენტი არ გამორიცხავს, რომ პროექტის განხორციელება გადაიდოს.

როგორც ცნობილია, აეროპორტმა “რიგამ” 2027 წლამდე განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც აეროპორტი განვითარებაში დაგეგმილია 247 მლნ ევროზე მეტის ინვესტირება,  მგზავრთნაკადის ზრდა წლიურ 9 მლნ-მდე  და ასევე ობლიგაციების გამოშვება.

რიგის საერთაშორისო აეროპორტმა 2021 წელს 9,4 მლნ ევროს წმინდა ზარალზე განაცხადა, რაც 40,7%-ით ნაკლებია წინა წლის მონაცემებთან შედარებით. საანგარიშო პერიოდში აეროპორტის შემოსავალმა 31,8 მლნ ევრო შეადგინა (6,7%-ით მეტი).

2021 წელს რიგის აეროპორტი  2,353 მლნ-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა, რაც 17%-ით მეტია 2020 წლის მაჩვენებლებთან შედარებით, მაგრამ 70%-ით ნაკლები, ვიდრე 2019 წლის ანუ პანდემიამდელ შერიოდთან შედარებით.