რუსეთის მიერ საქართველოსთვის დაწესებული ავიასანქციები შესაძლოა 2020 წლის პირველ ნახევარში გაუქმდეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “იზვესტია” ინფორმირებულ სამთავრობო წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

​როგორც ირკვევა, საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენა მიმდინარე წლის ბოლომდეც იგეგმებოდა, თუმცა გამოცემის ინფორმაციით, ამას ხელი საქართველოში მიმდინარე აქციებმა და პოლიტიკურმა კრიზისმა შეუშალა. 

ინფორმირებული წყარო გამოცემას ეუბნება, რომ მიუხედავად “რუსოფობიის შემოტევის” შემცირებისა, ქვეყანას უსაფრთხოების შესაბამისი დონე არ აქვს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ამ შემთხვევაში, ავიამიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილებას მოსკოვი თბილისთან კონსულტაციების გარეშე მიიღებს.

როგორც ადრე საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, საქართველოს ავიამიმოსვლის აღდგენას მიესალმება. 

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 8 ივლისიდან რუსეთ-საქართველოს შორის, რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ავიამიმოსვლა შეწყდა.

ვლადიმერ პუტინმა საქართველოს ავიაემბარგო რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ინციდენტის შემდეგ მიიღო, რომელიც 20 ივნისს, ერთ-ერთი ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში მოკალათდა. რამაც თავის მხრივ ქართველი ხალხის აღშფოთება გამოიწვია და თბილისი ვითარება ისე დაიძაბა, რომ ქვეყნიდან სერგეი გავრილოვის გაპარებაც კი გახდა საჭირო. საბოლოოდ კი ვლადიმერ პუტინმა ავიაემბარგო გამოაცხადა და ასე გადაწყვიტა საქართველოს “დასჯა”. პირდაპირი ავიამიმოსვლის ოფიციალურ მიზეზად კი რუსეთმა ფრენების არასაკმარისი უსფართხოება და ნავიგაციის წინაშე არსებული დავალიანება დაასახელა.