რუს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა მინიმუმ 13%-ით გაუძვირდათ. როგორც ბილეთების საძიებო სისტემა Biletix-ში განმარტავენ, რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების შეწყვეტის შემდეგ, ავიაბილეთები (გადაჯდომით) 13%-ით გაძვირდა.
“უფრო კონკრეტულად, რომ ვთქვათ ზოგიერთი ავიაკომპანიის შემთხვევაში ავიაბილეთი 30%-ითაც კი გაძვირდა, რაც ჩვენი აზრით სიხშირეების სიმცირეს უკავშირდება. რაც უფრო მცირეა, მით უფრო ძვირია”, აცხადებს Biletix-ის გენერალური დირექტორი იგორ კონსტანტინოვი.
ბილეთების საძიებო სისტემა Aviasales-ს გენერალური დირექტორის იანისა დენისის განმარტებით, ვიდრე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები იყო, ავიაბილეთის ღირებულება (ერთი გზა) 7-8 ათას რუბლს შეადგენდა, დღეისათვის კი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით ავიაბილეთის ღირებულება 12 ათასი რუბლია.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ფრენების შეჩერების შემდეგ, ავიაკომპანიების რეაქცია იყო მყისიერი. 8 ივლისიდან ავიაკომპანია Georgian Airways-მა ბათუმი-ერევანი-ბათუმის მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას დაიწყო, ხოლო თბილისიდან ერევნის მიმართულებით ფრენის სიხშირეები გაზარდა.
ფრენები ბათუმი-ერევანი-ბათუმის საჰაერო ხაზზე ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე, ყოველდღიურად, კვირაში 7 სიხშირით შესრულდება.
ამასთან, ქართულმა ავიაკომპანიამ გაზარდა ფრენის სიხშირე თბილისი-ერევნის მიმართულებით. Georgian Airways-ი აღნიშნულ საჰაერო ხაზზე ამატებს 7 სიხშირეს (ყოველდღე) და ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე რეგულარულ ფრენებს კვირაში 14 სიხშირით შეასრულებს.
შესაბამისად, ავიაკომპანია მგზავრებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით დღეში ორ რეისს შესთავაზებს. ზემოთ ხსენებულის გარდა, Georgian Airways-ი ასევე შეასრულებს დამატებით რეისებს თბილისიდან ერევნის მიმართულებით 8 ივლისიდან 30 აგვისტომდე, კვირაში 1 სიხშირით.
ფრენები Boeing B737, Embraer ERJ190 და CRJ200 ტიპის საჰაერო ხომალდებით განხორციელდება.