რუმინეთის საავიაციო ხელისუფლების მიწვევით, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, გივი დავითაშვილი ბუქარესტში იმყოფებოდა. ქართული მხრიდან, შეხვედრებში ასევე მონაწილეობას იღებდა საქაერონავიგაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან კარანაძე. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა რუმინეთის და მოლდოვის რესპუბლიკის საავიაციო ხელისუფლებების, ასევე რუმინეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პირველ პირებთან, სადაც მხარეებმა საავიაციო ხელისუფლებებს შორის, სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს.
შეხვედრებზე აღინიშნა, რომ მიუხედავად ავიაციის სექტორში არსებული გლობალური პოსტპანდემიური სირთულეებისა, საჰაერო ტრანსპორტი წარმატებით უბრუნდება საჰაერო მიმოსვლის მზარდ მაჩვენებლებს. დადებითად შეფასდა ის ფაქტი, რომ გასულ წელს ავიაკომპანია Air Moldova-მ საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკის დედაქალაქებს შორის რეგულარული საჰაერო მიმოსვლა დაიწყო. აქვე, განხილულ იქნა რუმინეთსა და საქართველოს შორის ფრენების განახლების შესაძლებლობები.
ვიზიტის ფარგლებში, გამოითქვა მზადყოფნა რომ საავიაციო ხელისუფლებები მჭიდროდ ითანამშრომლებენ როგორც ორმხრივ, ისე რეგიონალურ ფორმატებში, საავიაციო სტანდარტების დანერგვის, საავიაციო უსაფრთხოებისა და ფრენების ზედამხედველობის, ასევე, სხვადასხვა ტექნიკური მიმართულებებით გამოცდილების გაზიარების კუთხით. საავიაციო ხელისუფლებების პირველმა პირებმა მხარი დაუჭირეს მასპინძელი ქვეყნის ინიციატივას, საერთო ინტერესის მქონე საკითხებზე თანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმების თაობაზე.