“როცა სექტორი ითხოვს დახმარებას, მოქალაქეთა მიერ გადახდილი გადასახადებიდან, თავად სექტორიც უნდა იხდიდეს გადასახადებს”, მიიჩნევს ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი, რომელიც ტურისტული ორგანიზაციების მიერ დაგეგმილ აქციას facebook-ის საშუალებით გამოეხმაურა.

“ბიზნესი მთავრობისგან პასუხებს ითხოვს!

გიდის პროფესია და როლი ძალიან მნიშვნელოვანია ტურიზმის სექტორისთვის.

კრიზისი რომ დაიწყო, ცხადი გახდა რომ ეს სეგმენტი ოპერირებდა ქაოტურად და საჭიროებს რეგულირებას.

გიდების სეგმენტი უნდა იყოს აღრიცხული, რომელიმე ქოლგის ქვეშ, უნდა იხდიდნენ გადასახადებს, უნდა გაიარონ რეგულარული ტესტირება, სწავლება, ტრეინინგი და შესაბამისი შემოწმებები.

ტურისტებისთვის არც უსაფრთხოა და არც სანდო გამოგონილი საქართველოს ისტორიები. გიდების პროფესიონალიზმსა და ქმედებებზე ვინმე უნდა იყოს პასუხისმგებელი.

როცა სექტორი ითხოვს დახმარებას, მოქალაქეთა მიერ გადახდილი გადასახადებიდან, თავად სექტორიც უნდა იხდიდეს გადასახადებს. იხდიან გიდები გადასახდებს?

საზღვრის გახსნის საკითხი კი არამხოლოდ ეკონომიკური ჯგუფის, არამედ საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ეპიდემიოლოგების ერთობლივი გადაწყვეტილებაა.

ღია დებატი კი არა შეთანხმებაა საჭირო. ხმაური ხმაურისთვის კი არა, მოლაპარაკების მაგიდა და მიღებული სწორი გადაწყვეტილებები”, – წერს სოციალურ ქსელში თამუნა თანდაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ტურისტული ჯგუფები და ორგანიზაციები გამაფრთხილებელი აქციის გამართვას გეგმავენ.

BM.ge-ს ინფორმაციით, ღონისძიება ხვალ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან გაიმართება. ინფორმაციას გიდების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ალექსანდრე გიორგიძე ავრცელებს.

ტურისტული ბიზნესის წარმომადგენლები ეკონომიკის მინისტრს ნათია თურნავასა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს საეტელევიზიო დებატებშიც იწვევენ.

ალექსანდრე გიორგიძე bm.ge-სთან ამბობს, რომ უამრავი ღია საკითხია, რომელზე მწყობრი პასუხიც ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბიზნესს არ აქვს. მისივე თქმით, კითხვები შეეხება საქართველოს მიერ საზღვრების ეტაპობრივ გახსნას უცხოელი ვიზიტორებისთვის. მთავრობის განცხადებებმა კი, რომ საზღვრები 1 ივლისს გაიხსნებოდა, შემდეგ კი ამ გადაწყვეტილებაზე უარის თქმამ, კერძო სექტორს ცრუ მოლოდინები შეუქმნა.

“ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, რომელიც კიდევ უფრო ღრმავდება, მართებულად მიგვაჩნია ღია სატელევიზიო დებატებში გამოვიწვიოთ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი და ტურიზმი ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი. ვთვლით რომ საზოგადოებამ უნდა იცოდეს სიმართლე და არ იმსახურებს ურთიერთ გამომრიცხავი და აბსურდული განცხადებების მოსმენას.

მივმართავთ ტელევიზიებს, გამონახოს დრო და სივრცე, ჩვენ მზად ვართ მივიდეთ და ვისაუბროთ ნებისმიერი მათგანის ეთერში.

განცხადება კეთდება ტურისტული ჯგუფების და ორგანიზაციების სახელით, სადაც გაწევრიანებულია ტურიზმში დასაქმებული 10 000 მდე ადამიანი.

ხვალ 6 ივლისს, 17:00 საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წინ გაიმართება გამაფრთხილებელი, საპროტესტო აქცია”,- აღნიშნავს ალექსანდრე გიორგიძე.