ბრიტანული კომპანია Skytrax-ის რეიტინგის მიხედვით, 2024 წელს ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიები Turkish Airlines, Air France და Swiss International Air Lines გახდნენ. მათ ადგილები TOP-3-ში გადაინაწილეს.
ევროპის საუკეთესო ავიაკომპანიების TOP-10-ში ასევე მოხვდა British Airways (მეოთხე ადგილზე), Iberia (მეხუთე ადგილზე), Virgin Atlantic (მეექვსე ადგილზე), Lufthansa (მეშვიდე ადგილზე), Finnair (მერვე ადგილზე), KLM (მეცხრე ადგილზე) და Austrian Airlines (მეათე ადგილზე).
აღსანიშნავია, რომ საუკეთესო სერვისის მქონე ევროპული ავიაკომპანიების ათეულში, რომელიც Skytrax-მა შეადგინა, მხოლოდ კლასიკური ავიაკომპანიები მოხვდნენ. ამავდროულად მასში წარმოდგენილი იყო Lufthansa Group-ის სამივე ძირითადი წევრი – Swiss, Lufthansa და Austrian Airlines.
ევროპული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიები მხოლოდ 2024 წლის გლობალურ TOP-100 საუკეთესო ავიაკომპანიებში შედის. Skytrax-ის რეიტინგში საბიუჯეტო ავიაკომპანია Transavia France 51-ე ადგილზეა, ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair 63-ე ადგილზე, easyJet 66-ე ადგილზე, Jet2 68-ე ადგილზე, Eurowings 70-ე ადგილზე, PLAY კი 87-ე ადგილზე.
აღსანიშნავია, რომ Wizz Air, ევროპის სამი უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიიდან ერთ-ერთია, 2024 წელს მსოფლიოს საუკეთესო ავიაკომპანიების ტოპ 100-ში ვერ მოხვდა. Skytrax-ის 2023 წლის რეიტინგში ის 87-ე ადგილზე იყო.
Skytrax-ში განმარტავენ, რომ მან თავისი რეიტინგი მგზავრების ონლაინ გამოკითხვის საფუძველზე შექმნა, რომელიც ჩატარდა 2023 წლის სექტემბრიდან 2024 წლის მაისამდე პერიოდში. რეიტინგმა მოიცვა 350 ავიაკომპანია მთელი მსოფლიოდან.
კითხვარში მგზავრებს ავიაკომპანიების მომსახურება 50 კრიტერიუმის მიხედვით უნდა შეეფასებინათ. ისინი სამ კატეგორიად დაიყო – ადგილზე მომსახურება, ბორტზე მომსახურება და პერსონალის დამოკიდებულება.