AstraZeneca საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი ვაქცინაა. დასკვნას გამოცემა The Economist აკეთებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ AstraZeneca-ს ვაქცინას მსოფლიოში 119 ქვეყანა აღიარებს. Pfizer-ს 90-მდე ქვეყანა ენდობა, რუსულ Sputnik V-ს – 60-ზე მეტი.
50-ზე მეტ ქვეყანაში აღიარებულია Moderna, Johnson & Johnson და Covishield; 30-ზე მეტ სახელმწიფოში Sinovac-ს ენდობიან. ყველაზე ნაკლები აღიარება აქვს ამ ეტაპზე ინდურ Covaxin-ს და ჩინურ CanSinoBio-ს.
The Economist აღნიშნავს, რომ 2020 წელს საერთაშორისო ტურიზმის 74%-იანი ვარდნის შემდეგ, ბოლო თვეებში ეს მიმართულება აღდგენას იწყებს. მსოფლიოში 3.7 მილიარდი ვაქცინის დოზის გამოყენების შემდეგ, ბევრი ადამიანი სამოგზაუროდ ჩემოდნებს ალაგებს. თუმცა, ყველა ვაქცინა მათ თავისუფლად მოგზაურობის საშუალებას არ აძლევს. მაგალითად, ევროკავშირში შეზღუდულია იმ პირთა მოგზაურობა, რომლებიც Covishield ვაქცინით არიან აცრილები – არადა ის ევროპელი რეგულატორების მიერ აღიარებული AstraZeneca-ს იდენტურია.