2021 წლის მონაცემებით, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კვლავ თურქული კომპანია Turkish Cargo-ა
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, 2021 წლის განმავლობაში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით, თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo 4 887,589 ტონა ტვირთს მოემსახურა.
საჰაერო ტვირთების გადაზიდვით საქართველოს ბაზარზე მეორე პოზიციაზეა ლუქსემბურის საჰაერო სატვირთო გადამზიდავი Cargolux Airlines-ი, რომელიც 2021 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2 624,642 ტონა ტვირთს მოემსახურა.
საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა ასევე ქართული ავიაკომპანია Easy Charter-ია, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით იანვარ-დეკემბერში 2 238,913 ტონა ტვირთი გაატარა.
რაც შეეხება ბელორუსის Rubystar Airways-ს, ავიაკომპანიამ 2021 წლის 12 თვეში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 1 528,441 ტონა ტვირთი გადაზიდა.
გადაზიდული ტვირთების მიხედვით, ქართული ავიაბაზრის TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიების რეიტინგშია ასევე ახლად შექმნილი ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways Cargo, რომელმაც საქართველოს საჰაერო ტვირთების ბაზარზე იანვარ-დეკემბერში 956,422 ტონა ტვირთს მოემსახურა.