საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი კვლავ თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია. AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 11 თვეში Turkish Airlines-ი საქართველოს აეროპორტებში სულ 248 395 მგზავრს მოემსახურა, რითაც საქართველოს ავიაბაზრის 12%-იანი წილის მფლობელი გახდა.
უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 2021 წლის იანვარ-ნოემბერში 182 924 მგზავრს მოემსახურა, საქართველოს ავიაბაზრის 9%-იანი წილის მფლობელია.
11 თვის მონაცემებით, საქართველოს ავიაბაზარზე 8-8%-იანი წილის მფლობელები არიან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი, უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი და ბელორუსული ავიაკომპანია Belavia.
იანვარ-ნოემბერში, საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი 121532 მგზავრით ბაზრის 6%-ის მფლობელია საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი.
11 თვის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველოს ავიაბაზრის 5%-ს აკონტროლებს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai.
საქართველოს ავიაბაზრის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა ისრაელის ავიაკომპანია Israir Airlines-ი.
გადაყვანილი მგზავრთნალადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 3-3%-იანი წილის მფლობელები არიან ავიაკომპანიები: Georgian Airways-ი, Air Arabia, AZAL, Bees Airline, Air Astana, FlyArystan, Ukraine International Airlines (FlyUIA) და LOT Polish Airlines-ი.
2-2%-ს კი ფლობენ: Lufthansa, Aircompany Armenia, EL Al და Qatar Airways-ი.
PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება. საგულისხმოა ისიც, რომ 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე ავიაკომპანიების უმეტესობას საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული რეისების შესრულება შეზღუდული ჰქონდათ და ბაზარზე დაბრუნება ეტაპობრივად და მინიმალური სიხშირეებით დაიწყეს.