საქართველოს ავიაბაზრის ლიდერი თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines-ია, რომელმაც პირველობა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ, მიმდინარე წელს დაიბრუნა.

თურქულმა ავიაგადამზიდავმა 2021 წლის 9 თვეში საქართველოს საერთაშორისო აეროპორტებში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით, 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პოზიციები იგივე პროცენტულ დონეზე (12%) შეინარჩუნა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან მიმართებაში კი 1%-ით (11%) გაიმყარა. 

AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 9 თვეში Turkish Airlines-ი 189457  მგზავრს მოემსახურა, რითაც საქართველოს ავიაბაზრის 12%-იანი წილის მფლობელი გახდა. 

საქართველოს ავიაბაზარზე 10%-იანი წილის მფლობელია უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, რომელიც 2021 წლის იანვარ-სექტემბერში 160694 მგზავრს მოემსახურა. ავიაკომპანიამ მოახერხა და ერთის წლის განმავლობაში საქართველოს ავიაბაზარზე პოზიციები 5%-ით გაიუმჯობესა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით კი 7%-ით. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, SkyUp Airlines-ი 2020 წლის იანვარ-სექტემბერში გადაყვანილი მგზავრთნაკადის მიხედვით ბაზრის 5%-ს აკონტროლებდა, ხოლო 2019 წლის იანვარ-სექტემბერში კი მხოლოდ 3%-ს. SkyUp Airlines-მა ოპერირება 2018 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და ერთ-ერთ პირველ მიმართულებად სწორედ რომ საქართველო აირჩია. 

საქართველოს ავიაბაზრის ლიდერთა რეიტინგში რიგით მესამე მოთამაშეა ბელორუსული ავიაკომპანია Belavia, რომელიც 2021 წლის 9 თვეში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში 143624 მგზავრს მოემსახურა, რითაც ბაზრის 9%-იანი წილის მფლობელი გახდა. Belavia-მ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერში 2020 წლის 9 თვესთან შედარებით საქართველოს ავიაბაზარზე პოზიციები 3%-ით გაიუმჯობესა, ხოლო 2019 წლის 9 თვესთან შედარებით კი 7%-ით. სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, ავიაკომპანია 2020 წლის 9 თვის მაჩვენებლებით საქართველოს ავიაბაზრის 6%-იანი წილის მფლობელი იყო, 2019 წლის 9 თვის მაჩვენებლებით კი 2%-ის.

საქართველოს ავიაბაზრის 7-7%-იანი წილის მფლობელები არიან თურქული ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი და უნგრული ავიაკომპანია Wizz Air-ი.

2021 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველოს აეროპორტებში გადაყვანილი 103294 მგზავრით ბაზრის 6%-ის მფლობელია საუდის არაბეთის სამეფოს დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Flynas-ი, რომელიც 2020 წლის სამი კვარტლის მაჩვენებლებით ბაზრის ასევე 1%-ს ფლობდა, ხოლო 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში ბაზრის 1%-ს.

2021 წლის სამი კვარტლის სტატისტიკური მაჩვენებლების თანახმად, საქართველოს ავიაბაზრის 5%-ს აკონტროლებს არაბეთის გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია flydubai. 

გადაყვანილი მგზავრთნალადის მიხედვით, საქართველოს ავიაბაზრის 3-3%-იანი წილის მფლობელები არიან ავიაკომპანიები:Georgian Airways-ი, AZAL, Bees Airline, Air Astana, FlyArystan, Israir Airlines, Ukraine International Airlines (FlyUIA), LOT Polish Airlines. 2-2%-ს კი ფლობენ: Lufthansa, Air Arabia, Aircompany Armenia, EL Al, Yanair, Qatar Airways.

PS აღსანიშნავია, რომ ამა თუ იმ ავიაკომპანიისთვის პროცენტული მაჩვენებლის კლება ან მატება დამოკიდებულია კონკრეტულ წელს არსებულ საერთო მგზავრთნაკადზე და საანგარიშო პერიოდში კონკრეტული ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობაზე. მგზავრთნაკადის რაოდენობის ცვლილების ფონზე წლიდან წლამდე ამა თუ იმ კომპანიის წინა წილის კორექტირება ხდება. საგულისხმოა ისიც, რომ 2020 წელს COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების ფონზე ავიაკომპანიების უმეტესობას საქართველოს ავიაბაზარზე რეგულარული რეისების შესრულება შეზღუდული ჰქონდათ და ბაზარზე დაბრუნება ეტაპობრივად და მინიმალური სიხშირეებით დაიწყეს.