უცხოეთში მოგზაურობისას უამრავი უსიამოვნო რამ შეიძლება მოხდეს, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა ბარგის დაკარგვაა.

21 აგვისტოს გამოცემა „ისრაელ ჰა-იომ“-ის ინფორმაციით, ვებგვერდ Trustpilot-ზე გამოქვეყნებული მგზავრების შეფასებებისა და მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, გამოიკვეთა, რომელი ავიაკომპანიები კარგავენ ყველაზე მეტ ბარგს.

კვლევის შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა: დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Ryanair საუკეთესოდ დასახელდა, რადგან ის ყველაზე ნაკლებ ბარგს კარგავს: 1000 მგზავრზე მხოლოდ 1.2 ერთეულს. ამგვარად, ბარგის დაკარგვის ალბათობა მხოლოდ 0.12%-ია.

მეორე ადგილზე Jet2 გავიდა, სადაც 1000 მგზავრზე 1.5 ერთეული ბარგი იკარგება, რაც დაკარგვის 0.15%-იან ალბათობას ნიშნავს. Virgin Atlantic-ის მგზავრებისთვის ეს მაჩვენებელი 0.2%-ია.

ყველაზე მეტი საჩივარი ავიაკომპანია British Airways-ზე დაფიქსირდა: ყოველ 1000 მგზავრზე 21 დაკარგული ან „არასწორად დამუშავებული“ ჩემოდანი მოდის. ეს ნიშნავს, რომ ბარგის დაკარგვის ალბათობა 2.1%-ია. თუმცა, კომპანია არ ეთანხმება კვლევის მეთოდს და მას არასანდოდ მიიჩნევს.

მეორე არასახარბიელო ადგილზე ბრიტანულ-გერმანული ავიაკომპანია TUI გავიდა, სადაც 1000 მგზავრზე 6 ერთეული ბარგი იკარგება, რაც საშუალო მაჩვენებლად ითვლება. მას მოსდევს Wizz Air (5 ერთეული) და easyJet (2.8 ერთეული).

British Airways-ის წარმომადგენლის განცხადებით, კვლევა „არ არის სტატისტიკურად დასაბუთებული და მას დიდი სკეპტიციზმით უნდა მოვეკიდოთ“. კომპანიის თქმით, ბარგის უსაფრთხოდ ტრანსპორტირება მათთვის უმნიშვნელოვანესია და მსგავსი პუბლიკაციები უსამართლოდ აკნინებს თანამშრომლების შრომას.

საავიაციო ტექნოლოგიური კომპანია SITA-ს მონაცემებით, 2024 წელს მსოფლიო მასშტაბით 33.4 მილიონი ერთეული ბარგი დაიკარგა.

ევროპაში ბარგის დაკარგვის ან არასწორად დამუშავების ალბათობა ორჯერ მაღალია, ვიდრე მსოფლიოს დანარჩენ ნაწილში. მიუხედავად ამისა, რეგიონში მდგომარეობა გაუმჯობესდა – 2022 წელს 1000 მგზავრზე 15.7 დაკარგული ბარგი მოდიოდა, 2024 წელს კი ეს მაჩვენებელი 12.3-მდე შემცირდა. სავარაუდოდ, ეს იმით არის განპირობებული, რომ 2024 წელს ევროპაში მგზავრთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა, რამაც ტვირთის მოცულობა მნიშვნელოვნად გაზარდა.