2022 წლის იანვარში საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი ლუქსემბურგის სატვირთო ავიაგადამზიდავი Cargolux Airlines-ია.
AviaNews-ის მიერ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ იანვარში Cargolux Airlines-მა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 230.885 ტონა ტვირთი გადაზიდა.
საჰაერო ტვირთების ტრანსპორტირების კუთხით საქართველოს ავიაბაზარზე მეორე პოზიციაზეა თურქული სატვირთო ავიაკომპანია Turkish Cargo, რომელმაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იანვარის განმავლობაში 224.528 ტონა ტვირთი გაატარა.
ასევე, საქართველოში საჰაერო სატვირთო გადაზიდვების ლიდერი კომპანიაა და TOP-5-ში მესამე პოზიციაზეა, მოლდოვის სატვირთო ავიაგადამზიდავი Fly Pro. იანვარში Fly Pro საქართველოს საჰაერო სატვირთო ტვირთების ბაზარზე 190.176 ტონა ტვირთს მოემსახურა.
იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით გატარებული ტვირთნაკადით მეოთხე პოზიციაზეა ქართული ავიაკომპანია Georgian Airways Cargo.
სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით, Georgian Airways Cargo-მ იანვარში თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 133.292 ტონა ტვირთი გადაზიდა.
რეიტინგში მეხუთე ადგილზეა აზერბაიჯანული სატვირთო ავიაგადამზიდავი Silk Way Airlines-ი, რომელიც 2022 წლის იანვარში საქართველოს სატვირთო გადაზიდვებს ბაზარზე 66.445 ტონა ტვირთს მოემსახურა.
მაშ ასე, გადაზიდული ტვირთების მიხედვით TOP-5 სატვირთო ავიაკომპანიის რეიტინგი ასე გამოიყურება:
1. Cargolux Airlines;
2. Turkish Cargo;
3. Fly Pro;
4. Georgian Airways Cargo;
5. Silk Way Airlines.