ქართული სატვირთო ავიაკომპანია Georgian Airlines-ი 2024 წელს ავიაპარკის ზრდას და უფრო მეტი ტვირთის მომსახურებას გეგმავს. როგორც Georgian Airlines-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი განმარტავს, 1,5-2 თვეში ავიაკომპანია ახალ Boeing 767-ს მიიღებს. თუმცა ავიაკომპანიის გეგმებში კიდევ უფრო მეტი გაფართოებაა.
ვიდრე Georgian Airlines-ი საკუთარ გეგმებს სისრულეში მოიყვანს, კომპანიამ 2023 წლის პროგნოზები რეალობას აქცია და ერთ-ერთ ლიდერ სატვირთო ავიაკომპანიას ჩამოყალიბდა,
2023 წელს Georgian Airlines-ი საქართველოს გავლით 3700 ტონამდე ტვირთს მოემსახურა, რაც 2022 წლის მონაცემებთან გაზრდილი მაჩვენებლებია.
ავიაკომპანიამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 382 ფრენა შეასრულა, რითაც 2023 წლის ლიდერი გახდა და შესრულებული სატვირთო რეისების მიხედვით ბევრი სხვა ავიაკომპანია უკან ჩამოიტოვა.
როგორც Georgian Airlines-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ირაკლი მეზვრიშვილი განმარტავს, კომპანია 2023 წელს სამიზნე მაჩვენებლებზე გავიდა.
„მოლოდინი, რაც 2023 წლის დასაწყისში გვქონდა გამართლდა და ავიაკომპანია Georgian Airlines-მაპროგნოზები გაამართლა. გეტყვით, რომ რეალურად უფრო მეტი საჰაერო ტვირთის ტრანსპორტირების შესაძლებლობა გვქონდა, თუმცა შესაბამისი რაოდენობით საჰაერო ხომალდები არ გვყავდა. მოთხოვნა უფრო მეტი იყო.
ძირითადად საჰაერო ტვირთებზე მოთხოვნა უფრო „აბრეშუმის გზის“ მიმართულებით იყო – აზიიდან ევროპაში საქართველოს გავლით. გაზრდილი მოთხოვნის ფონზე 2023 წელს დავიმატეთ ბორტი, საუბარი მაქვს Boeing 767-ზე და ეს მაჩვენებლები რაც გვაქვს სწორედ ამის დამსახურებაცაა“, – განაცხადა ირაკლი მეზვრიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ Georgian Airlines-ი დღეისათვის 4 ბორტით ოპერირებს.
შეგახსენებთ, რომ 2023 წელს, საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 19 168. 547 ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან 6%-იან ზრდას აჩვენებს. სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წელს საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 17 974.852 ტონა შეადგინა.