თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის 33%-იანი, ხოლო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 44%-იანი ზრდაა. თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა 3 169 014 მგზავრი გაატარა, ხოლო გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი 2 387 740 მგზავრი.
რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტს, მან რვა თვეში 637 511 მგზავრი მიიღო, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში კი აეროპორტი 443 602 მგზავრს მოემსახურა.
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე, რომელიც ზაფხულის სანავიგაციო სეზონს არ ემთხვევა (რადგანაც ის აპრილიდან იწყება და ოქტომბრის ჩათვლით გრძელდება) თბილისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადის მნიშვნელოვანი ზრდა იყო.
2024 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე (ივნისი-ივლისი-აგვისტო) თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 1 499 214 მგზავრს მოემსახურა, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში კი 1 141 853 მგზავრს. ზრდა 31%-ია.
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე მგზავრთნაკადის 47%-იანი ზრდაა ბათუმის მიმართულებითაც. 2024 წლის ზაფხულის თვეებში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი 401 523 მგზავრს, ხოლო 2023 წლის ივნის-აგვისტოში კი 273 308 მგზავრს მოემსახურა.