დასასრულს უახლოვდება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშოები. ბოლო ეტაპზეა შიდა ინტერიერის მოწყობა.

სარემონტო სამუშაოები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძემ მოინახულეს. გაწეული სამუშოების შესახებ ინფორმაცია მათ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ გააცნო.

პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ დამონტაჟდა ბარგის მართვის სისტემა, რომელიც სატესტო რეჟიმში უკვე ამუშავდა. დამონტაჟებულია და გამართულია სახანძრო და წყალმომარაგების სისტემები. მოეწყო 18 სარეგისტრაციო დახლი, საიდანაც ორი ე.წ. baggage drop off იქნება და მგზავრები რეგისტრაციის ონლაინ რეჟიმში გავლის შემთხვევაში, ბარგის ჩაბარებას თავისით შეძლებენ.

მოეწყო ე.წ. მწვანე გადახურვა, ტერასა გამწვანებით. ახალი ტერმინალის სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაიწყება არსებული ტერმინალის სარემონტო სამუშაოები. რის შემდეგაც ორივე ტერმინალი გაერთიანდება და აეროპორტს ექნება საერთო ტერმინალი, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო. განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის არსებულ გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.