ენგურჰესზე ტურისტული ზონის პროექტის სოციალურ -ეკონომიკური კვლევის მომზადდებაზე ტენდერი თვის ბოლომდე გამოცხადდება.

ტენდერში მონაწილეობით პოლონური დეველოპერული კომპანია PFI future-ია დაინტერესებული. როგორც კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, საინვესტიციო ჯგუფი პროექტში ფინანსური თანამონაწილეობის მიღების ალბათობასაც არ გამორიცხავს და დეტალების გაცნობის მიზნით პოლონური კომპანიის მენეჯმენტი საქართველოს სტუმრობს.

სოციო-ეკონომიკური კვლევა მასშტაბური პროექტის სხვადასხვა მიმართულების ეკონომიკური მიზანშეწონილობის საკითხებს განსაზღვრავს. ტენდერის შედეგად განისაზღვრება პროექტის ეკონომიკური ამონაგებისა და მომგებიანობის, ტურისტული დატვირთვის ინტენსივობის, თანმდევი სოციალური ასპექტებისა და რეგიონალური ეკონომიკური განვითარების პროცესზე ზემოქმედების კონკრეტული მაჩვენებლები.

არსებული ეკონომიკური გაანგარიშებებით, ენგურის ტურისტული ზონა რეგიონში ყველაზე შემოსავლიანი ტურისტული ობიექტი იქნება, რომელიც წელიწადში სავარაუდოდ 400 ათასამდე ტურისტს მოემსახურება.

ენგურის ტურისტული ცენტრის დეტალური პროექტი უკვე მზადაა. ესტონური კომპანია „კოკო არქიტექსის“ მომზადებული პროექტი გულისხმობს თაღოვანი კაშხლის მიმდებარედ აღმოჩენათა ცენტრის, გადასახედი მოედნების, 180 მეტრი სიმაღლის ლიფტის, სანაოსნო ინფრასტრუქტურისა და ექსტრემალური კომპონენტების შემცველი რამდენიმე ატრაქციის ინფრასტრუქტურულ მოწყობას.

პროექტის საფუძველზე უკვე განისაზღვრა ენგურჰესის კაშხლის ადმინისტრაციული შენობის რეკონსტრუქციის საბოლოო ვარიანტიც, რომლითაც მის ინტერიერში ჰიდროტექნიკური ნაგებობის ადმინისტრაცია და შემეცნებით-გასართობი ატრაქციები განთავსდება.

შეგახსნებთ, რომ ენგურჰესის ტურისტული ზონის პროექტის განხორციელებით ამერიკელები და ესტონელები ინტერესდებიან.