საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების უზრუნველსაყოფად, ეტაპობრივად ავიაკომპანია Georgian Airways-ი საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო კოორდინაციით განახორციელებს  საჰაერო ფრენებს სხვადასხვა მიმართულებით.

უკვე განხორციელდა ორი ფრენა:

23 მარტი – თბილისი- ბერლინი- ბათუმი

24 მარტი – ათენი -თბილისი -ათენი (განხორციელდა ეგეოსის ავიახაზების მიერ)

ამ ორი რეისით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 300 მოქალაქე.

რაც შეეხება შემდეგ განრიგს, 2020 წლის 10 აპრილის ჩათვლით განსაზღვრულ მიმართულებებზე, ის ასეთი გახლავთ:

26 მარტი – თბილისი-ვენა- თბილისი

31 მარტი – თბილისი -ამსტერდამი-თბილისი

3 აპრილი – თბილისი-ვარშავა-თბილისი

7 აპრილი – თბილისი-ათენი-თბილისი

10 აპრილი – ლარნაკა-თბილისი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადის ორგანიზებული მართვის და მოქალაქეების საჭიროებებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, ზემოთ მოცემული განრიგით განსაზღვრულ თითოეულ ფრენაზე ბილეთები ხელმისაწვდომი იქნება ეტაპობრივად და ამის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება რეისამდე რამდენიმე დღით ადრე.

“რაც შეეხება უახლოეს ორ ფრენას, ვენისა და ამსტერდამის მიმართულებით, რომელიც უნდა შესრულდეს –  26 მარტს – ვენა და 31 მარტს – ამსტერდამი. როგორც უკვე ცნობილია, კომპანია Georgian Airways-ს თბილისი-ვენა-თბილისის მიმართულებით 22 მარტს ჰქონდა დაგეგმილი რეგულარული რეისი, რომელიც კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ქვეყანაში შემოღებული რეგულაციების  გამო გაუქმდა. შედეგად, ქ. ვენაში, ამ დრომდე  იმყოფებიან გაუქმებული რეისის მგზავრები, რომელთა  დიდი ნაწილიც  თავშესაფრით და პირველადი საჭოროების პროდუქტებით უზრუნველყო საქართველოს საელჩომ ავსტრიის რესპუბლიკაში. 

ანალოგიური ვითარებაა ამსტერდამში, სადაც კომპანიის მიერ 21 და 23 მარტს დაგეგმილი რეისების გაუქმების შედეგად ათეულობით საქართველოს მოქალაქე დარჩა გარეთ და ამ შემთხვევაშიც საელჩოს დახამრებით მოხდა მათი დროებით დაბინავება და პირველადი უზრუნველყოფა.

აუცილებელია, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დროებით არიან განთავსებული სხვადასხვა ადგილას, დავაბრუნოთ სამშობლოში. სამწუხაროდ მათი რაოდენობა არ არის მცირე და ორივე საჰაერო ხომალდი ფაქტობრივად სრულად ივსება. მეტი გამჭირვალობისა და სანდოობისთვის კომაპნია მზად არის გამოაქვეყნოს შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტაცია.

რაც შეეხება შემდგომ ფრენებს ვარშავის (3 აპრილი), ათენის (7 აპრილი) და ლარნაკას (10 აპრილი) მიმართულებით, აღნიშნულ რეისებზე  ბილეთების გაყიდვა მოხდება თანმიმდევრობით, რეისის შესრულების თარიღიდან რამდენიმე დღით ადრე, ბილეთები გაიყიდება თავისუფალი პრინციპით და ხელმისაწვდომი იქნება კომპანიის ვებ-გვერდზე. 

აღნიშნული რეისები განხორციელდება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ დაწესებული პროტოკოლით და მგზავრების განლაგება მოხდება ჭადრაკისებრი პრინციპით.

ყოველი მომდევნო რეისი და მასზე ბილეთების შეძენასთან დაკავშირებული ინფორმაცია განთავსდება წინასწარ, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს, ისე საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და კომპანია Georgian Airways- ის ვებ-გვერდებზე.

საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და პრემიერ-მინისტრის მითითებით, აღნიშნული კატეგორიის სამგზავრო ბილეთის ფასი, ნებისმიერი კლასის, არ უნდა აღემატებოდეს 199 ევროს. ეს პრინციპი იქნება მკაცრად გაკონტროლებული.

საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი დაექვემდებარება 14 დღიან სავალდებულო კარანტინს”, აცხადებს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკანიანი.