ბევრ მოგზაურს ჰგონია, რომ ფრენის კლასის გაუმჯობესება მხოლოდ იღბალზე ან დაგროვილ ქულებზეა დამოკიდებული. თუმცა, დარგის სპეციალისტები თანხმდებიან, რომ არსებობს სტრატეგიები, რომლებიც საშუალო სტატისტიკურ მგზავრს პრემიუმ კლასში მცირე დანამატით მოხვედრაში დაეხმარება.
კომპანია International Citizens Insurance-ის პრეზიდენტი, ჯო კრონინი, გვირჩევს, რომ ბილეთის დაჯავშნისთანავე არ ვეცადოთ კლასის შეცვლას. მისი თქმით, იდეალური ფანჯარა ფრენამდე 2-3 კვირით ადრეა, როდესაც ავიაკომპანიები ფასებს ამცირებენ პრემიუმ ადგილების შესავსებად. თუ ამ დროს ვერ მოასწარით, სცადეთ ფრენამდე 1-2 დღით ადრე – ამ დროს ხშირად „Flash“ ფასდაკლებები ჩნდება.
ტურიზმის მრჩეველი სარა უილკოქსი აზიარებს „საიდუმლო“ ხერხს: დაჯავშნეთ ეკონომ კლასის ბილეთი, შემდეგ შედით ავიაკომპანიის აპლიკაციაში თქვენს ჯავშანში და ნახეთ, რას გთავაზობთ სისტემა. ხშირად, ეკონომ კლასის ფასს + კლასის გაუმჯობესების საფასური ბევრად უფრო იაფი გამოდის, ვიდრე პირდაპირ ბიზნეს კლასის ბილეთის ყიდვა.
Dollar Flight Club-ის დამფუძნებელი, ჯესი ნეუგარტენი, ყურადღებას ამახვილებს ავიაკომპანიებზე, რომლებიც ფრენამდე ერთი დღით ადრე ფასების შეთავაზების (Bidding) საშუალებას გაძლევენ. ასეთ დროს შესაძლებელია საერთაშორისო რეისზე ბიზნეს კლასი სულ რაღაც რამდენიმე ასეულ დოლარად მიიღოთ. მისი რჩევაა: „იფრინეთ მაშინ, როცა მოთხოვნა დაბალია“.
ექსპერტი რუჩი ჰარნალი გვირჩევს, აეროპორტში რეგისტრაციის (Check-in) გახსნისთანავე მივიდეთ. ზოგჯერ ავიაკომპანიები დახლთან იმაზე ბევრად ნაკლებ ფასს სთავაზობენ მგზავრებს, ვიდრე ეს ონლაინ იყო შესაძლებელი. ნეუგარტენმა ამ მეთოდით ბიზნეს კლასის ბილეთი დამატებით მხოლოდ 200 დოლარად მოიპოვა.
ექსპერტების დამატებითი “ლაიფჰაკები”:
-
აკონტროლეთ ადგილების რუკა: თუ ხედავთ, რომ პრემიუმ რიგები ივსება, იმოქმედეთ სწრაფად. თუ რუკა ცარიელია – დაელოდეთ ბოლო წუთის ფასდაკლებას.
-
გამოიყენეთ მობილური აპლიკაცია: ფასები აპლიკაციაში ხშირად უფრო სწრაფად ახლდება და უფრო მომგებიანია, ვიდრე ვებგვერდზე.
-
ყურადღება მოკლე ფრენებზე: დამაკავშირებელი რეისების შემთხვევაში, კლასის გაუმჯობესება შედარებით მოკლე სეგმენტებზე (მაგ. რეგიონულ რეისებზე) გაცილებით იაფი ჯდება.












