ეკონომ-კლასიდან ბიზნეს-კლასში გადასვლა ბევრი მოგზაურის ოცნებაა. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ამ ოცნების ასასრულებლად სულაც არ არის აუცილებელი ძვირადღირებული ბილეთის შეძენა. გამოცდილმა ბორტგამცილებლებმა გამოცემა Travel + Leisure-ს გაუზიარეს რჩევები, თუ როგორ შეიძლება მიიღოთ უფასო საუკეთესო ადგილი.

თვითმფრინავში კომფორტის ასამაღლებლად (Upgrade) მხოლოდ იღბალი არ კმარა; არსებობს კონკრეტული სტრატეგიები, რომლებიც თქვენს შანსებს ზრდის.

1. შეარჩიეთ სწორი დრო ფრენისთვის

ექსპერტების თქმით, შანსები იზრდება „წყნარ“ დღეებში მოგზაურობისას. პოპულარული მოგზაური შელბი ჩერჩი გვირჩევს, დავჯავშნოთ ფრენები სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს ან შაბათს. ამ დღეებში თვითმფრინავები ნაკლებად დატვირთულია და ბიზნეს-კლასში თავისუფალი ადგილების პოვნის მეტი ალბათობაა.

2. მიმართეთ აგენტს ჩასხდომამდე

ყოფილი ბორტგამცილებელი კეტ კამალანი ამბობს, რომ „აფგრეიდის“ მოთხოვნის საუკეთესო დრო გეითთან (Gate) ლოდინის პერიოდია.

„მას შემდეგ, რაც თვითმფრინავში ახვალთ, ბორტგამცილებლებს ხშირად აღარ აქვთ უფლება ადგილი შეგიცვალონ. ამიტომ, მანამდე დაელაპარაკეთ გეითის აგენტს და გამოხატეთ თქვენი ინტერესი,“ — აღნიშნავს კამალანი.

3. კეთილგანწყობა — მთავარი გასაღები

ბორტგამცილებლები ხშირად არიან „გაღიზიანებული“ მგზავრების სამიზნე, ამიტომ თავაზიანობა მათ თვალში გამოგარჩევთ.

სახელით მიმართვა: ბორტგამცილებელი ლია ოკამპო ამბობს, რომ როდესაც მგზავრი მას სახელით მიმართავს (რომელიც ბეიჯზე აწერია), ეს პატივისცემის ნიშანია და ასეთი მგზავრი ყოველთვის პრიორიტეტულია.

მცირე საჩუქარი: სიმბოლური ჟესტი, მაგალითად, შოკოლადის ფილა ან ყავის ვაუჩერი, ბორტგამცილებლების მხრიდან განსაკუთრებული ყურადღების (და ზოგჯერ უფასო სასმლის ან ადგილის შეცვლის) გარანტიაა.

4. ჩაიცვით შესაფერისად

თუმცა კომფორტული ტანსაცმელი ფრენისას მოსახერხებელია, ზედმეტად სპორტულმა სტილმა შესაძლოა ხელი შეგიშალოთ „აფგრეიდის“ სიაში მოხვედრაში. ზოგიერთი ავიაკომპანია უპირატესობას ანიჭებს მგზავრებს, რომლებიც უფრო „წარმომადგენლობითად“ გამოიყურებიან.

5. განსაკუთრებული შემთხვევები

თუ მოგზაურობთ დაბადების დღეზე, თაფლობის თვეზე ან გაქვთ რაიმე ფიზიკური საჭიროება (მაგალითად, ხართ ძალიან მაღალი ან ფეხმძიმედ), აუცილებლად ახსენეთ ეს აგენტთან საუბრისას. მიუხედავად იმისა, რომ ავიაკომპანიას ეს არ ავალდებულებს, ადამიანური ფაქტორი ხშირად გადამწყვეტია.